Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, ტოვებს თუ არა თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას


თენგიზ ცერცვაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
თენგიზ ცერცვაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს.

ტელეკომპანია "ფორმულამ" წყაროზე დაყრდნობით თქვა, რომ თენგიზ ცერცვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ უკვე მიმართა ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს. ამავე არხთან საუბრის დროს ცერცვაძემ არ დაადასტურა თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია.

"გავიგე ეს ინფორმაცია, ჯერჯერობით პასუხი არ მაქვს. დღის განმავლობაში შევხვდებით, რამდენიმე დღეა არ გვისაუბრია. შემდეგ შემეძლება გიპასუხოთ", - ამბობს "რუსთავი 2"-თან საუბარში ჯანდაცვის მინისტრი.

ინფექციურ საავადმყოფოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ჯერ არ არის ცნობილი, დატოვებს თუ არა ცერცვაძე თანამდებობას. "მინისტრს შეხვდება და გაირკვევა ტოვებს თუ არა თანამდებობას", - აღნიშნეს საავადმყოფოში, თავად ცერცვაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის პანდემიის დროს კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა. რამდენიმე დღის წინ კი ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თქვა, რომ მკურნალობის პროცესში "პაციენტთა მიღების თუ გაწერის მკაცრად გაწერილი კრიტერიუმები არ სრულდება და ხელოვნურად ხდებოდა მათი რაოდენობის ზრდა".

"2 წლის განმავლობაში, მობილიზებული საწოლებიდან, მინიმუმ, 40%-ში [სახელმწიფო] ცარიელ საწოლებში იხდიდა. ზუსტად ეს თანხა უნდა ყოფილიყო საკმარისი, როდესაც შეტყობინებებს მივცემდით და ფაქტობრივ ანაზღაურებაზე გადავიყვანდით კლინიკებს", - თქვა მინისტრმა.

გუშინ, 3 მაისს ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ. მან ამ გადაწყვეტილების მიღება საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას დაუკავშირა.

XS
SM
MD
LG