თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ "დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნების ლიდერები 8 მაისს მოლაპარაკებას გამართავენ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა 6 მაისს განაცხადა, რომ ვირტუალური მოლაპარაკებების ყურადღების ცენტრში იქნება რუსული ძალების წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლის უკანასკნელი ამბები.
მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური სახელმწიფოების ლიდერები ეძებენ გზებს კიევის დასახმარებლად და G7-ის უწყვეტი ერთიანობის საჩვენებლად. დიდი შვიდეულის, G7-ის, ქვეყნების შემადგენლობაში შედიან შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, კანადა და იტალია. ეს ჯგუფი თავდაპირველად ცნობილი იყო, როგორც G8, მაგრამ რუსეთი გააძევეს 2014 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
ვაშინგტონმა და მისმა ბევრმა მოკავშირემ მილიარდობით დოლარის ეკონომიკური და სამხედრო დახმარება გაუწიეს კიევს და მთელი რიგი ფინანსური სანქციები დაუწესეს მოსკოვს, 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
ამას გარდა, ევროპის კავშირმა 4 მაისს გამოაქვეყნა წინადადება - წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ, თუმცა ეს გეგმა წინააღმდეგობას წააწყდა ბლოკის შიგნით, განსაკუთრებით, უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის მხრიდან, რადგან მათ ეკონომიკებს პოტენციური ზარალი ემუქრება.