Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში კიდევ სამი ჩეჩენი მებრძოლი დაიჭრა


ილუსტრირებული ფოტო
ილუსტრირებული ფოტო

უკრაინის სევეროდონეცკის რაიონის გარეუბანში მიმდინარე საბრძოლო შეტაკების დროს ჩეჩნეთის ერთ-ერთი პოლიციის რაიონული დანაყოფის ყოფილი მეთაური, რუსტამ (ისმაილ) აგუევი დაიჭრა. ამის შესახებ ცნობას რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახური ავრცელებს, „ტელეგრამის“ არხ „ბაზაზე“ დაყრდნობით. მანამდე ჩეჩნეთის ხელისუფლების ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ აგუევი ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ქალაქ რუბეჟნოეში მყოფ ერთ-ერთ ჩეჩნურ დანაყოფს ხელმძღვანელობს.

ჟურნალისტების ცნობით, აგუევი ფეხშია დაჭრილი და ლუგანსკის საავადმყოფოში იმყოფება კიდევ ორ დაჭრილ ჩეჩენ მებრძოლთან ერთად. ერთ-ერთია ჩეჩნეთის სახელმწიფო ობიექტების დაცვის ბატალიონის 20 წლის თანამშრომელი უმარ ისრაილოვი და ვედენოს რაიონის საგზაო პოლიციის თანამშრომელი, სერჟანტი ხამზატ აბალაევი.

ისრაილოვმა 26 აპრილს ნაღმის ნამსხვრევის შედეგად თავის ტვინის კონტუზია მიიღო. ოთხი დღის შემდეგ მასთან საავადმყოფოში მოხვდა აბალაევი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები არ არსებობს.

ეს ინფორმაცია ჩეჩნეთის ხელისუფლებას ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსლან გერემეევი, რომელიც მანამდე უკრაინაში, მარიუპოლის ტერიტორიაზე ნახეს, დაჭრილია და საავადმყოფოში იმყოფება. ვიდეოში, რომელიც ტელეგრამის არხმა „ოპერატიულმა რეპორტაჟებმა“ გამოაქვეყნა, საავადმყოფოში გერემეევს ესტუმრნენ რამზან კადიროვი და ადამ დელიმხანოვი.

ამ უკანასკნელს კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 26 აპრილს რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება მიანიჭა.

XS
SM
MD
LG