Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბილოვი: „სამხრეთ ოსეთის" რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმი შედგება


ბანერი "სამხრეთ ოსეთის" რუსეთთან შეერთების მოწოდებით. საქართველო, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი. 11 აპრილი, 2022 წელი
ბანერი "სამხრეთ ოსეთის" რუსეთთან შეერთების მოწოდებით. საქართველო, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი. 11 აპრილი, 2022 წელი

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენტთან, ალან გაგლოევთან მარცხის აღიარების შემდეგ, მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა "რია ნოვოსტის" განუცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმი ჩატარდება.

ბიბილოვის განცხადებით, ყველა საჭირო დოკუმენტი უკვე შეგროვილია და გადაცემულია "ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის".

„მან [კომისიამ] ეს ყველაფერი უნდა განიხილოს, შემდეგ გადასცეს უზენაეს სასამართლოს და განსაზღვროს თარიღი“, - განაცხადა ბიბილოვმა.

მან ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე თქვა, რომ ჩატარდება რეფერენდუმი, რომლის მიზანიც რეგიონის რუსეთთან შეერთებაა. ბიბილოვმა რუსეთთან გაერთიანებას „სამხრეთ ოსეთის ხალხის სტრატეგიული მიზანი“ უწოდა.

საქართველოს საგარეო სამინისტრომ დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და განაცხადა, რომ "მსგავსი უკანონო ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 8 მაისს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, პარტია "ნიხასის" თავმჯდომარემ, ალან გაგლოევმა დაამარცხა მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ცნობენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებსაც საქართველოს ეს ტერიტორია "დამოუკიდებელ რესპუბლიკად" აქვთ აღიარებული. ეს ქვეყნებია: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია და ნაურუ.

XS
SM
MD
LG