Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ რეფერენდუმის ჩატარებისთვის მზადება დაიწყეს


6 აპრილს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საინიციატივო ჯგუფმა რეფერენდუმის ჩატარების შუამდგომლობით მიმართა. ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

ე.წ. კომისიის წევრის, იგორ ჩოჩიევის განცხადებით, კომისია იწყებს სამართლებრივი პროცედურების გავლას.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო შუამდგომლობა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის შესახებ, რომელიც სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში გაერთიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს. გაიმართება კომისიის სხდომა და გადაწყდება რეგისტრაციის საკითხი. საინიციატივო ჯგუფში შედის 4 პრეზიდენტი: მოქმედი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და ყოფილი პრეზიდენტები ლუდვიგ ჩიბიროვი, ედუარდ კოკოითი და ლეონიდ თიბილოვი. მათ გარდა - კიდევ 26 ადამიანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფებიდან“, - განაცხადა იგორ ჩოჩიევმა.

საინიციატივო ჯგუფის მიერ რეფერენდუმზე გასატანი კითხვაა: „მომხრე ხართ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გაერთიანების რუსეთის ფედერაციასთან?“

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ კონსტიტუციური კანონის („რეფერენდუმის შესახებ“) თანახმად, განცხადების მიღებიდან 15 დღის ვადაში ე.წ. ცესკო იღებს გადაწყვეტილებას საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაზე, გასცემს რეგისტრაციის მოწმობას. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, საინიციატივო ჯგუფს ცესკო დასაბუთებულ გადაწყვეტილებას აცნობს. რეგისტრაციაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს ე.წ უზენაეს სასამართლოში. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის მიერ ე.წ კონსტიტუციის მუხლების და კანონის, „რეფერენდუმის შესახებ“, დარღვევა. რეგისტრაციის მოწმობის მიღების მომენტიდან, საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, სამი თვის ვადაში ნებაყოფლობით და დამოუკიდებლად დაიწყოს რეფერენდუმის ჩატარების მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება.

ხელმოწერების შეგროვების დასრულების შემდეგ, ცესკო 15 დღის ვადაში ამოწმებს ყველა დოკუმენტს და დასკვნას უგზავნის დე ფაქტო პრეზიდენტს. დე ფაქტო პრეზიდენტი საბუთების მიღებიდან 10 დღის ვადაში შესაბამის მოთხოვნას უგზავნის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს. უზენაესი სასამართლო განიხილავს კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისობას და 14 დღის ვადაში უგზავნის პრეზიდენტს გადაწყვეტილებას, რომელიც ექვემდებარება დაუყოვნებლივ გამოქვეყნებას. დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ე.წ პრეზიდენტი ვალდებულია 10 დღის ვადაში დანიშნოს რეფერენდუმის თარიღი. ე.წ უზენაესი სასამართლოს უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ყველა პროცედურა წყდება.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 30 მარტს განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გადაიდგმებოდა სამართლებრივი ნაბიჯები სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად. მისი თქმით, რუსეთთან გაერთიანება რესპუბლიკის სტრატეგიული მიზანია.

„მიმაჩნია, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია. ჩვენი გზაა“, - განაცხადა ბიბილოვმა (ციტატა „ერთიანი რუსეთის“ ვებგვერდიდან), რომლის თანახმად, "სამხრეთ ოსეთი ამ გზაზე იმოძრავებს“.

ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს. მას სურვილი აქვს, რომ მეორე ვადით დაიკავოს ეს თანამდებობა. ამჟამინდელი კამპანია 5 წლის წინანდელი კამპანიისგან არაფრით განსხვავდება. მაშინაც ბიბილოვის მთავარი მესიჯი რუსეთის ფედერაციის ფარგლებში სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის ერთ რესპუბლიკად გაერთიანება იყო, თუმცა მისი ეს დანაპირები 5 წლის განმავლობაში ვერ შესრულდა და ახლაც იმავე მესიჯებით გამოდის.

ოკუპირებული აფხაზეთისგან განსხვავებით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცირეა იმ სამოქალაქო აქტივისტების რაოდენობა, რომლებიც რუსეთთან გაერთიანებას მხარს არ უჭერენ. მათი იდეაა ყველასგან დამოუკიდებელი ოსეთის რესპუბლიკის შექმნა.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ, კრემლმა 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა. აღიარების შემდეგ ოკუპირებულ რეგიონში განათავსა მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზა, სადაც რუსეთიდან ჩაყვანილი ჯარისკაცების გარდა, ადგილობრივი ჯარის პირადი შემადგენლობაც შეიყვანეს. ახლა ამ ბაზის შემადგენლობის ნაწილი, მათ შორის ცხინვალელი ახალგაზრდები, რუსეთის მხარეს, უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის.

2008 წლის აგვისტოში რუსეთის და დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა გადაწვეს და გაანადგურეს ლიახვის ხეობის ქართული სოფლები, საქართველოს 30 ათასამდე მოქალაქე დევნილად იქცა. მას შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ კრემლს მიერთების თხოვნით არაერთხელ მიმართა, თუმცა ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიისგან რუსეთი ჯერჯერობით თავს იკავებს.

XS
SM
MD
LG