Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღა მარშალ კონევს ჩამოართმევს საპატიო მოქალაქეობას


კონევის ძეგლის დემონტაჟი, პრაღა. 3 აპრილი, 2020 წელი
კონევის ძეგლის დემონტაჟი, პრაღა. 3 აპრილი, 2020 წელი

ჩეხეთის დედაქალაქის, პრაღის საქალაქო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, სიკვდილის შემდეგ ქალაქის საპატიო მოქალაქეობა ჩამოერთვას საბჭოთა მარშალს, ივან კონევს.

გადაწყვეტილება უნდა დაადასტუროს ქალაქის პარლამენტმა, რაც, როგორც ვარაუდობენ, უახლოეს ხანში მოხდება.

კონევმა პრაღის საპატიო მოქალაქეობა მიიღო 1945 წლის ივნისში, ის მეთაურობდა წითელი არმიის დანაყოფებს, რომლებიც პრაღაში 1945 წლის 9 მაისს შევიდნენ.

კონევისთვის საპატიო მოქალაქეობის ჩამორთმევის ინიციატივით გამოვიდა ქალაქის მერი ზდენეკ გრჟიბი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, რომელსაც ჩეხეთის პოლიტიკური ძალების უმეტესობა მკაცრად გმობს. გადაწყვეტილების დასაბუთებაში ნათქვამია, რომ 1945 წლის მოვლენები უნდა განხილული იყოს ისტორიულ კონტექსტში, ხოლო ჩეხოსლოვაკიაში, რომელიც ომის შემდეგ "საბჭოთა ბლოკის" ნაწილი გახდა, ხელისუფლებები დიდი ხნის განმავლობაში დასაშვებს ხდიდნენ მხოლოდ ისტორიული მოვლენების ერთ ინტერპრეტაციას, რომლის ფარგლებშიც მარშალ კონევს პრაღის გამათავისუფლებელს უწოდებდნენ.

დოკუმენტის თანახმად, წითელმა არმიამ პრაღას მიაღწია მაშინ, როცა უკვე კაპიტულაცია ჰქონდათ გამოცხადებული როგორც გერმანიას, ისე ქალაქის გერმანულ გარნიზონს, რომელსაც ქალაქიდან გასვლის თაობაზე შეთანხმება ჰქონდა პრაღის ამბოხების მეთაურებთან. ამასთან, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კონევმა 9 მაისს გასცა ბრძანება დაებომბათ ქალაქი მლადა-ბოლესლავი, რათა არ დაეშვათ გერმანელების დასავლეთით გადინება. დაბომბვის დროს დაიღუპა ბევრი მშვიდობიანი მოსახლე. დოკუმენტში აღნიშნულია კონევის როლი ბუდაპეშტში 1956 წლის ამბოხების ჩახშობის პროცესშიც.

პრაღის საპატიო მოქალაქის წოდება მინიჭებული აქვს რამდენიმე ათეულ ადამიანს, მათ შორის შვიდ საბჭოთა დისიდენტს, რომლებიც 1968 წელს მოსკოვის წითელ მოედანზე გავიდნენ ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ძალების შეჭრის გასაპროტესტებლად. ამ ტიტულს ატარებს მუსიკოსი მსტისლავ როსტროპოვიჩიც. ამ დრომდე პრაღის საპატიო მოქალაქის წოდება ჩამორთმეული ჰქონდა სამ პირს: ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის ლიდერებს, კლემენტ გოტვალდსა და გუსტავ გუსაკს და საბჭოთა დიქტატორ სტალინს.

2020 წელს პრაღის მეექვსე რაიონის მესვეურებმა აიღეს კონევის ძეგლი, რომელიც 1980 წელს იყო აღმართული. მაშინ ითქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ არ აყენებდა წითელი არმიის როლს ჩეხოსლოვაკიის გათავისუფლების პროცესში. თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკვეთრი პროტესტი გამოხატა და მოსკოვსა და პრაღას შორის მნიშვნელოვნად გაუარესდა ურთიერთობა. ეს კავშირები კიდევ უფრო დაიძაბა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG