Accessibility links

site logo site logo

რა უნდა ვიცოდეთ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესზე


რიკარდ იოზვიაკი

ისე ჩანს, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია. თუმცა, შემდეგი რამდენიმე კვირა გადამწყვეტი იქნება ლიდერებისთვის ჰელსინკიშიც და სტოკჰოლმშიც.

რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის დაწყებიდან 10 კვირა გავიდა და ტრანსატლანტიკური სამხედრო ალიანსი სულ უფრო უახლოვდება იმ მომენტს, როდესაც მისი წევრების რაოდენობა 30-დან 32-მდე გაიზრდება. აი, რა უნდა ვიცოდეთ ამ პროცესის შესახებ.

რომელია მნიშვნელოვანი თარიღები?

11 მაისს ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი პლენარულ სხდომას მოკლე მოხსენებას წარუდგენს იმ მოსმენების შესახებ, რომლებიც ჩატარდა ჰელსინკის მიერ აპრილში მომზადებული უსაფრთხოების თეთრი წიგნის წარდგენის შემდეგ. ეს მოხსენება ნატოში გაწევრიანების კონკრეტულ რეკომენდაციას არ შეიცავდა, თუმცა აღწერდა თებერვლის შემდეგ ევროპაში შეცვლილ ვითარებას უსაფრთხოების კუთხით.

ელიან, რომ ორი დღის შემდეგ, 13 მაისს, სტოკჰოლმი გამოაქვეყნებს უსაფრთხოების მოხსენებას და ამით წამოეწევა თავის აღმოსავლელ მეზობელს.

უფრო მნიშვნელოვანი - და ამავე დროს უფრო სათუო - თარიღები კი 14 და 15 მაისია.

14 მაისს ფინეთის პრემიერ-მინისტრის, სანა მარინის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, პარლამენტის ყველა მსხვილმა ჯგუფმა, ნატოს წევრობასთან დაკავშირებით პოზიცია უნდა შეაჯეროს. შვედეთის პრემიერ-მინისტრის მაგდალენა ანდერსონის სოციალ-დემოკრატებმაც იგივე უნდა გააკეთონ ერთი დღის შემდეგ. მიიჩნევა, რომ ორივე ლიდერი ამჯობინებს ნატოს წევრობას თავიანთი ქვეყნებისთვის, თუმცა მათი პარტიები წარსულში გულგრილად იყვნენ განწყობილნი ნატოს წევრობისადმი.

17-18 მაისს კი ფინეთის დიდწილად უუფლებო, მაგრამ ძალიან გავლენიანი პრეზიდენტი საული ნიისტო შვედეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. მიიჩნევა, რომ ისიც ნატოს წევრობის მომხრეა და მანამდე აღნიშნა, რომ „ვიზიტის დროს ფინეთის კურსი გარკვეული იქნება“. არ არის გამორიცხული, რომ სტოკჰოლმში ვიზიტის მიმდინარეობისას რაიმე სახის ერთობლივი დეკლარაცია გაკეთდეს.

შემდეგი აღსანიშნავი თარიღი 28-30 ივნისია - ნატოს სამიტი მადრიდში. ნატოს მესვეურებმა მიანიშნეს, რომ ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლებს შესაძლოა სწორედ ამ დროს მოეწეროს ხელი, თუ განაცხადები ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს მაისის ბოლოსთვის ჩაბარდება.

შესაძლებელია, რომ ნატომ გადაწყვეტილება ასე სწრაფად მიიღოს?

კი, სავსებით შესაძლებელია. მით უმეტეს, რომ, როგორც ჩანს, ფინეთისა და შვედეთის წვერობას 30 წევრიდან არცერთი არ ეწინააღმდეგება. მათი ჯარები უკვე დიდწილად თავსებადია ნატოსთან. ისინი რეგულარულად იღებენ მონაწილეობას ერთობლივ წვრთნებში, მონაწილეობა მიუღიათ ნატოს ოპერაციებში დასავლეთ ბალკანეთსა და ავღანეთში. ამასთან, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის დაწყების დღიდან ფინელი მინისტრები და დიპლომატები ნატოს თითქმის ყველა შეხვედრას ესწრებოდნენ.

მათი წევრობით ნატო დამატებით სარგებელს მიიღებს. ფინეთს სავალდებულო გაწვევა აქვს და ომის დროს 280 ათასი ჯარისკაცის და 900 ათასი გაწვრთნილი რეზერვისტის გამოყვანა შეუძლია. ეს ქვეყანა მშპ-ს 2 პროცენტს თავდაცვაზე უკვე წელს დახარჯავს, რაც ნატოს წევრი ქვეყნების მესამედზე უფრო მაღალი შედეგია.

შვედეთმაც განაცხადა, რომ გაზრდის სამხედრო ბიუჯეტს და 2-პროცენტიან სამიზნეს რამდენიმე წელიწადში მიაღწევს. სავარაუდოა, რომ გაიზრდება მისი შეიარაღებული ძალების ზომაც, რომელიც ამჟამად 24 ათას ჯარისკაცს შეადგენს. უნდა გავითვალისწინოთ შვედეთის იარაღის ინდუსტრიაც, რომლის ბრუნვაც, როგორც იუწყებიან, წელიწადში 3,5 მილიარდ ევროს შეადგენს. შვედეთი აწარმოებს თანამედროვე შეიარაღებას, როგორიცაა ქვემეხები, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები და თვითმფრინავები. ნატოს ერთმა ოფიციალურმა პირმა რადიო თავისუფლებას ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა, რომ ასევე მომხიბლავია ტექნოლოგიების შვედური გიგანტების, „ნოკიასა“ და „ერიკსონის“ „ნატოს ორბიტაზე ყოლა“.

და რაც შეეხება რატიფიკაციის პროცესს?

ამას ჩვეულებრივ ერთი წელი მაინც სჭირდება ხოლმე, რადგან ეს საკითხი 30 ქვეყნის პარლამენტებმა უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ - ხშირად საკომიტეტო მოსმენების შემდეგ. თუმცა, ორივე ქვეყნის მაღალჩინოსნებმა ნატოს ქვეყნების დედაქალაქები მოიარეს და პროცესის დაჩქარება ითხოვეს.

აქ მთავარი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაა, რომლის საგაზაფხულო სესიაც ვილნიუსში, 27-30 მაისსაა დაგეგმილი. ეს ორგანო, რომელიც მთელი ალიანსის პარლამენტარებს აერთიანებს, ლიტვის დედაქალაქში ფინეთისა და შვედეთის დელეგაციებს მოუსმენს.

ასე რომ, გასაკვირი არ იქნება, თუ რატიფიკაციის პროცესი უკვე ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში დასრულდება.

მიიღებენ თუ არა ფინეთი და შვედეთი უსაფრთხოების გარანტიებს გარდამავალ პერიოდში?

ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია და ორივე ქვეყნის ლიდერები ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ნატოს მეხუთე მუხლი ცალსახად აცხადებს, რომ კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი მხოლოდ ალიანსის წევრებს შეეხება. ეს კი რთულ მდგომარეობაში აყენებს შვედეთსაც და, მით უფრო, ფინეთს, რომელსაც 1300-კილომეტრიანი საზღვარი აქვს რუსეთთან, ვიდრე ფორმალობები დასრულდება და ეს ორი ქვეყანა ოფიციალურად გახდება ნატოს წევრი.

რეფერენდუმი არ გახდება საჭირო?

სავარაუდოდ, არა. 1994 წელს ორივე ქვეყანამ ჩაატარა რეფერენდუმი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. თუმცა, ამჯერად უფრო მნიშვნელოვანი სისწრაფეა. ერთი ფინელი დიპლომატი აღნიშნავდა, რომ რეფერენდუმს საგულდაგულო მზადება და ხანგრძლივი საჯარო დებატები სჭირდება, რაც „სისტემას გარეშე ჩარევის საფრთხის ქვეშ დააყენებს“. შვედეთში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 60 პროცენტი პლებისციტის წინააღმდეგია. ამ ქვეყნის პრემიერმაც მიანიშნა, რომ ურჩევნია ეს საკითხი სექტემბრისთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე მოაგვაროს.

ეცდება თუ არა რუსეთი ჩარევას?

რუსეთმა საჯაროდ გამოთქვა პროტესტი და მიანიშნა „სამხედრო და პოლიტიკურ შედეგებზე“, მათ შორის, ატომური იარაღის განთავსებაზე, თუ შვედეთი და ფინეთი ნატოს წევრები გახდებიან. ბევრს ლაპარაკობენ ჰიბრიდულ საფრთხეებზეც.

თუმცა, დასავლეთის სამხედრო მაღალჩინოსანი, რომელიც იცნობს ჩრდილოეთ ევროპის უშიშროების გარემოს, ამბობს, რომ რუსეთს ჯერ აქტიური ზომები არ მიუღია და ფინეთსა და შვედეთს გარდაუვალი საფრთხე არ ემუქრებათ. მართალია, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ადგილი ჰქონდა რამდენიმე ინციდენტს ამ ორი ქვეყნის ტერიტორიაზე და სამთავრობო საიტებზე კიბერთავდასხმებიც განხორციელდა, მაგრამ მსგავსი შემთხვევები უფრო მშვიდობიან დროშიც მომხდარა.

ამ წყაროს მიხედვით, რუსეთის ძალები ფინეთის საზღვართან „საკმაოდ შეზღუდულია, რადგან ჯარის დიდი ნაწილი უკრაინაში იბრძვის და დიდ დანაკარგებს განიცდის“. მანვე დასძინა, რომ რუსეთს „წლები დასჭირდება ფინეთის საზღვრის მახლობლად არმიის კონცენტრირებისათვის“. ერთი რეალური საფრთხე, ამ წყაროს თანახმად, ატომური რაკეტების ზრდაა ბალტიის ზღვის მახლობლად, განსაკუთრებით კალინინგრადში.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG