უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ოლქში, საარტილერიო ცეცხლის შედეგად დაიღუპა უკრაინის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ჟვანია.
გერაშჩენკო წყაროზე დაყრდნობით, ტელეგრამზე წერს, რომ ჟვანია სოფელ ნოვოპოკროვკის რაიონში, ოკუპანტების ბლოკ-პოსტთან, „რუხ ზონაში“ იმყოფებოდა. უკრაინის შს-თა მინისტრის მრჩეველი წყაროს დაუსახელებლად იმასაც წერს, რომ დავით ჟვანიას რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა და რუსეთის სახელმწიფო ჰოლდინგის, „როსატომის“ არაოფიციალური წარმომადგენელი იყო. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
გერაშჩენკოს განცხადებით, ამ ისტორიაში შეკითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, განსაკუთრებით იმის შესახებ, თუ რას აკეთებდა ჟვანია ე.წ. „რუხ ზონაში“. უკრაინაში „რუხ ზონას“ 2014 წლიდან, დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ უწოდებენ ერთგვარად ნეიტრალურ ზონებს საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებს შორის.
დავით ჟვანიას სიკვდილს უკრაინის ძალოვან სტრუქტურებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ადასტურებს უკრაინელი ჟურნალისტი იჰორ მოსიიჩუკიც. ის ფეისბუკზე წერს, რომ ჟვანია ცდილობდა კიევის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან გადასულიყო ოკუპანტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები ხვდებოდნენ, მოსკოვში უნდა წაეყვანათ და შემდეგ უკრაინაში დაებრუნებინათ. მოსიიჩუკი წერს ეჭვებზეც, რომ ჟვანია ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვისაც კრემლთან მშვიდობა სურდა უკრაინის ეროვნული ინტერესების ხარჯზე. დამოუკიდებელი წყაროებით ამ ინფორმაციის გადამოწმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
დავით ჟვანია 1967 წელს თბილისში დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო ეკონომისტის განათლება. 90-იან წლებში უკრაინაში გადასახლდა და ამ ქვეყნის მოქალაქე გახდა. მუშაობდა სხვადასხვა კერძო კომპანიაში, 2002 წლიდან კი პოლიტიკური საქმიანობა დაიწყო. 2005 წელს საგანგებო სიტუაციების მინისტრის თანამდებობა ეკავა პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს მთავრობაში. 2012-2014 წლებში დავით ჟვანია იყო უკრაინის პარლამენტის დეპუტატი და ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე. 2012 წლის დეკემბრიდან ჟვანია იყო უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიის“ ფრაქციაში, რომელიც 2013 წლის ნოემბერში დატოვა, კიევის მაიდანზე საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ.
2020 წელს, დავით ჟვანიამ Youtube-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აცხადებდა, რომ მინსკში იმყოფება და უკრაინის საელჩოში შეიტანა განცხადება, რომელშიც აღიარებს, რომ 2014 წელს მონაწილეობდა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და მისი გუნდის მიერ "ხელისუფლების მიტაცებაში".