Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩვენ ამას არ გადავყლაპავთ: კულება უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატობაზე შესაძლო უარზე


დმიტრო კულება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, 25 აპრილი 2022 წელი
დმიტრო კულება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, 25 აპრილი 2022 წელი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Financial Times-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ქვეყანა ივნისში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, ეს ევროპელების მხრიდან „მოტყუება“ იქნება.

„თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ, ეს შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ ერთს - ევროპა ცდილობს ჩვენს მოტყუებას და ჩვენ ამას არ გადავყლაპავთ“, - განაცხადა კულებამ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის იდეის კომენტირებისას, „შეიქმნას ახალი პოლიტიკური გაერთიანება“ ევროპის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან.

მაკრონის თქმით, უკრაინის ევროკავშირში ოფიციალურად გაწევრიანებას შესაძლოა, წლები და ათწლეულებიც დასჭირდეს. თუმცა, კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობისთვის ახლა მთავარია კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება.

„სამი თვის წინ ამ ქვეყანას წევრობის პერსპექტივაც არ ჰქონდა, ახლა ვმსჯელობთ, რამდენი დრო დასჭირდება ამას“, - განაცხადა კულებამ.

მისი სიტყვებით, „უკრაინა ევროპაში ერთადერთი ადგილია, სადაც ადამიანები იმ ღირებულებების გამო კვდებიან, რასაც ევროკავშირი ეფუძნება და, მე ვფიქრობ, ამას პატივისცემა სჭირდება“.

9 მაისს სტრასბურგში გამოსვლისას მაკრონმა თქვა, ამჟამინდელი წესებით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ნიშნავს, რომ უკრაინას შესაძლოა, წლები დასჭირდესო. მაშინაც კი, თუკი კანდიდატის სტატუსი ხვალ გაიცემა, "ყველამ კარგად ვიცით, რომ პროცესი, რომელიც გაწევრიანებას გახდის შესაძლებელს, წლები გაგრძელდება, შესაძლოა, რამდენიმე ათწლეულიც", - აღნიშნა მაკრონმა.

მაკრონის ამ განცხადებებამდე ევროკომისიამ თქვა, რომ ივნისში გეგმავს პირველი შეფასების წარდგენას უკრაინის თხოვნაზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო ერთიან პოზიციაზეა უკრაინის მხარდაჭერაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ, თუმცა ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს ევროკავშირი მოქმედებას უკრაინის გასაწევრიანებლად.

უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს გაგზავნა. ქვეყანამ უკვე შეავსო და ევროკავშირს გადასცა ევროკომისიისგან კანდიდატის სტატუსიის მისაღებად საჭირო კითხვარის ორივე ნაწილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG