Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ალან გაგლოევს „საპრეზიდენტო არჩევნებში“ გამარჯვება მიულოცა


ალან გაგლოევი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო არჩეული პრეზიდენტი
ალან გაგლოევი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო არჩეული პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარტია „ნიხასის“ ლიდერს, ალან გაგლოევს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

იმედი მაქვს, რომ თქვენი მოღვაწეობა ამ მაღალ თანამდებობაზე ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას. რუსეთი, თავის მხრივ, გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის მეგობრების მხარდაჭერას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური საკითხების გადაწყვეტაში, ასევე ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. გისურვებთ წარმატებებს, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას“, - ნათქვამია კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ მილოცვის ტექსტში.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გაგლოევმა „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ წინასწარი მონაცემებით ხმათა 54,2% მიიღო, მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა კი - 43,3%.

გაგლოევს „გამარჯვება“ მიულოცეს ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა სერგეი მენიაილომ და ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ.

საქართველოს საგარეო სამინისტრომ დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და განაცხადა, რომ "მსგავსი უკანონო ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 9 მაისს გავრცელებული განცხადების თანახმად, „რუსეთის ოკუპაციისა და ადგილზე ეფექტური კონტროლის პირობებში, ვერავითარ არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ქართველთა ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი ჯერ კიდევ მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობას, ხოლო ადგილზე მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები უხეშად ირღვევა“.

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრმა ჯიმ რიშმა დაგმო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული არჩევნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG