Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის გაგლოევი და რა შეიცვლება მისი გამარჯვებით ოკუპირებულ რეგიონში?


ალან გაგლოევი
ალან გაგლოევი

8 მაისს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, საარჩევნო უბნების დახურვიდან 4 საათში დე ფაქტო რესპუბლიკის  მოქმედმა ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა არჩევნებში დამარცხება აღიარა. მან ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და ალან გაგლოევს წარმატება უსურვა.

ამ დროს არჩევნებში გამარჯვებული ალან გაგლოევი ცხინვალის მთავარ მოედანზე მომხრეებთან ერთად გამარჯვებას აღნიშნავდა. დე ფაქტო რესპუბლიკის ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩევლების ხმების 50 პროცენტზე მეტი მიიღო გაგლოევმა, ბიბილოვმა კი - მხოლოდ 40 პროცენტზე ოდნავ მეტი. პირველი კითხვა, რომელიც გაგლოევს ერთ-ერთი რუსული გამოცემის ჟურნალისტმა დაუსვა და ეს მოკლე კომენტარი მოგვიანებით, ადგილობრივ მედიაშიც გავრცელდა, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებს ეხებოდა. გაგლოევმა უპასუხა, რომ რუსეთთან ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა, თუმცა არაფერი უთქვამს შესაძლო რეფერენდუმის საკითხზე. ალან გაგლოევმა ცხინვალში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამაყობს ხალხით, რომელმაც თავისი აზრი გამოხატა და ამაყობს, რომ ანატოლი ბიბილოვმა „არჩევნების“ შედეგები აღიარა. გაგლოევმა ისიც თქვა, რომ ახალ გუნდს შექმნის.

ვინ არის ალან გაგლოევი?

თვალშისაცემი ცვლილება, რაც შეიძლება გაგლოევის არჩევამ გამოიწვიოს, ალბათ ახალგორის გზის გახსნა იქნება. ეს მის საარჩევნო პროგრამაშიც იყო და დაჰპირდა კიდევაც პირად შეხვედრაზე ახალგორელებს...
ზურაბ ბენდიანიშვილი

ალან გაგლოევი 1981 წელს არის დაბადებული. პროფესიით ფინანსისტია, მაგრამ ძირითადად დე ფაქტო რესპუბლიკის „კაგებეში“ მუშაობდა და მოგვიანებით ამ მიმართულებით რუსეთში გაიღრმავა ცოდნა. ამჟამად პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარეა. მან თავი გამოიჩინა ცხინვალის იზოლატორში მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის თანადგომით. მოგვიანებით, ჯაბიევის ცოლმა, ოქსანა სოტიევამ, შექმნა ორგანიზაცია „სამოქალაქო პლატფორმა“, რომელიც გაგლოევის მხარდამჭერი გახდა. ბიბილოვისგან განსხვავებით, გაგლოევს კრემლის ღია მხარდაჭერა არ ჰქონდა. თუმცა, როგორც ზოგიერთი ადგილობრივი საიტი იუწყება, მას ცხინვალიდან წასული, რუსეთში დამკვიდრებული ძლიერი ფინანსური ჯგუფების წარმომადგენლები ლობირებენ. ბიბილოვს კი რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს კადრად მიიჩნევდნენ. გაგლოევის დიდი უპირატესობა ოკუპირებული ახალგორის რაიონში კი იმან განაპირობა, რომ მან იზოლირებული დაბის გახსნის პირობა დადო. ახალგორი, ბიბილოვის გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან არის ჩაკეტილი და ეს მან წნელისის კრიზისს დაუკავშირა.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ გაგლოევის პოლიტიკა კრემლთან მიმართებით დიდად არ შეიცვლება, მაგრამ მისი ე.წ. ხელისუფლებაში მოსვლით ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობა შვებას იგრძობს.

„თვალშისაცემი ცვლილება, რაც შეიძლება გაგლოევის არჩევამ გამოიწვიოს, ალბათ ახალგორის გზის გახსნა იქნება. ეს მის საარჩევნო პროგრამაშიც იყო და დაჰპირდა კიდევაც პირად შეხვედრაზე ახალგორელებს, რომ გზას გაუხსნიდა. ბიბილოვის ინიციატივით დაიკეტა ეს გზა და ამ რაიონში არჩევნები დიდი უპირატესობით გაგლოევმა მოიგო. სხვა მხრივ რაიმე კარდინარული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. უფრო მეტიც, ცხინვალის ხელისუფლებაზე არც არის დამოკიდებული ასეთი ცვლილებები. გაგრძელდება ჩვეულებრივი კურსი რუსეთისაკენ“.

მესიჯი კრემლიდან

რუსეთს იმედი აქვს, რომ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ალან გაგლოევის გამარჯვების შემდეგ, „სამხრეთ ოსეთთან“ ურთიერთობებში შენარჩუნებული იქნება მემკვიდრეობითობა. ამის შესახებ დღეს, 9 მაისს, მოსკოვში, ჟურნალისტებს უთხრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ.

მოველით, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა რუდენკომ.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენტთან, ალან გაგლოევთან მარცხის აღიარების შემდეგ, მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმი ჩატარდება.

ბიბილოვის განცხადებით, ყველა საჭირო დოკუმენტი უკვე შეგროვებულია და გადაცემულია „ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის“.

მან [კომისიამ] ეს ყველაფერი უნდა განიხილოს, შემდეგ გადასცეს უზენაეს სასამართლოს და განსაზღვროს თარიღი“, - განაცხადა ბიბილოვმა.

მან ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე თქვა, რომ ჩატარდება რეფერენდუმი, რომლის მიზანიც რეგიონის რუსეთთან შეერთებაა. ბიბილოვმა რუსეთთან გაერთიანებას სამხრეთ ოსეთის ხალხის სტრატეგიული მიზანი უწოდა.

გაგლოევის ფრთხილი პოზიცია

განცხადებები, რომელსაც აკეთებდა ახალგორთან მიმართებაში, შეიძლება ეს იყოს რაღაცა სხვაობის მომტანი, მაგრამ დიდ სურათს ეს არ შეცვლის.
სერგი კაპანაძე

წინასაარჩევნო შეხვედრებისას მიცემულ ინტერვიუებში, რუსეთთან შეერთების რეფერენდუმის კიდევ ერთხელ ჩატარების საკითხი გაგლოევმა ფრთხილად შეაფასა. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი უკვე ორჯერ ჩატარდა და მესამედაც ჩატარდება, თუ ამისთვის კრემლის მზაობაც იქნება. არადა, მთელ წინასაარჩევნო კამპანიას დე ფაქტო პრეზიდენტი ბიბილოვი, სწორედ რუსეთთან შეერთების საკითხზე აგებდა. ადამიანის უფლებადამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის პირდაპირი პოლიტიკა ცხინვალში დამარცხდა და ოსურმა საზოგადოებამ ხმა ცვლილებებს მისცა.

„ბიბილოვის მთავარ მესიჯზე რუსეთთან გაერთიანების შესახებ, ოსური საზოგადოების აზრი ორად გაიყო და მთლად პოპულარული ეს თემა დღეს აღარ არის. მთავარი ჩვენთვის ალბათ ის არის, რომ უფრო მეტად ადეკვატურად აფასებს გაგლოევი იქ არსებულ მდგომარეობას და მისი ნაბიჯები უფრო მეტად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებზე. თუნდაც ის, რომ ის მთელი რიგი იდეებით გამოვიდა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, თუნდაც იგივე ახალგორთან დაკავშირებით, რომ გაიხსნას დიდი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი ადმინისტრაციული საზღვარი. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად დამარცხდა კრემლის პოლიტიკა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გაგლოევი ცხინვალის გეოპოლიტიკურ მიმართულებას შეცვლის“.

ანალიტიკოს სერგი კაპანაძეს 8 მაისის არჩევნები აფხაზეთის იმ არჩევნებს ახსენებს, როდესაც რაულ ხაჯინბა ასლან ბჟანიამ შეცვალა, მაშინ გაჩნდა მოლოდინი, რომ ბჟანია საქართველოსთან ურთიერთობას გააუმჯობესებდა, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა. კაპანაძის თქმით, ბჟანიას მსგავსად, გაგლოევიც „კაგებეს“ კადრია და ოკუპაციის თემასთან დაკავშირებით არაფერი შეიცვლება.

„არ მგონია, დიდი განსხვავება გვქონდეს ოკუპაციის კონტექსტში, რუსეთისთვის გაგლოევი მისაღები პიროვნებაა, თუმცა განცხადებები, რომელსაც აკეთებდა ახალგორთან მიმართებაში, შეიძლება ეს იყოს რაღაცა სხვაობის მომტანი, მაგრამ დიდ სურათს ეს არ შეცვლის“.

რამ გამოიწვია ბიბილოვის დამარცხება?

ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები და ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბიბილოვის მმართველობა მუდამ კრიზისთან იყო დაკავშირებული. ძალოვნების გაძლიერებასა და დაუსჯელობასთან. რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო ამბობს, რომ ბიბილოვის დამარცხების არაერთი მიზეზი არსებობდა.

„ცხინვალის იზოლატორში მოკლული ინალ ჯაბიევის საქმის მონაწილეები ამ დრომდე დაუსჯელები არიან. კორუფცია და დიდი რაოდენობით სიგარეტის კონტრაბანდა ბიბილოვის სახელს უკავშირდება და ეს კრემლშიც იცოდნენ. რუსეთის კონტროლის პალატის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტის შემოწმებაც ამიტომ მოხდა. ბიბილოვმა კი ანგარიში დამალა და ამით საზოგადოებაში უამრავი კითხვა გააჩინა. პარლამენტის და ე.წ. ოპოზიციის სრულად იგნორირება იწვევდა პოლიტიკურ კრიზისს. ჩვენი არმია დაშალა და ბიბილოვი პირობას დებდა, რომ თუ ჯარისკაცები რუსულ სამხედრო ბაზაზე იმსახურებდნენ, მათ ცხინვალის რეგიონის გარეთ არ გაიწვევდნენ. ეს ვნახეთ, რომ არ შესრულდა და ბევრი ჯარისკაცი უკვე ჩამოასვენეს. უკრაინის ომიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებთან ბიბილოვი იგინებოდა და ის ძალოვანებშიც ნელ-ნელა ავტორიტეტს კარგავდა. ამისთვის დასჭირდა მას ექსპრეზიდენტ კოკოითისთვის დამატებითი თანამდებობის გამოძებნა, რომ სწორედ მოხალისე მებრძოლებთან და ჯარისკაცებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან ემუშავათ, რომ როგორმე მისი რეიტინგი აწეულიყო, თუმცა არც ამან უშველა. ხალხი ბიბილოვის მმართველობით უკმაყოფილო იყო და ცვლილებები სურდა“.

საქართველოს ხელისუფლების რეაქცია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და განაცხადა, რომ მსგავსი უკანონო ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 9 მაისს გავრცელებული განცხადების თანახმად, რუსეთის ოკუპაციისა და ადგილზე ეფექტური კონტროლის პირობებში, ვერავითარ არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ქართველთა ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი ჯერ კიდევ მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობას, ხოლო ადგილზე მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები უხეშად ირღვევა“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ოკუპირებულ რეგიონებზე რუსეთის ეფექტური კონტროლი და მისი პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებზე მკაფიოდაა დადასტურებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021წლის 21იანვრის გადაწყვეტილებით“.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებაზე.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ცნობენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებსაც საქართველოს ეს ტერიტორია „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აქვთ აღიარებული. ეს ქვეყნებია: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია და ნაურუ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG