Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვარკეთილის" მეტროს რემონტი 1,5 წელი გაგრძელდება


მეტროსადგური "ვარკეთილი"
მეტროსადგური "ვარკეთილი"

თბილისის მეტროს "ვარკეთილის" სადგურის სარემონტო სამუშაოები 18 თვე გაგრძელდება. ხელშეკრულება უკვე დაიდო კომპანია "მამისონთან", რომელიც ამავდროულად ატარებს მეტროსადგურ "გოცირიძის" სარემონტო სამუშაოებს.

ტენდერის ღირებულება 13 666 967 ლარი იყო, თუმცა გამარჯვებული კომპანია სამუშაოების შესრულებას 12 769 000 ლარად გეგმავს.

სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა
სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა

რეაბილიტაციის შემდეგაც არ გარემონტდება მეტროს შესასვლელამდე მისასვლელი მიწისქვეშა გადასასვლელები - სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მეტროს ეს ნაწილი მათ დაქვემდებარებაში არ არის.

"ვარკეთილის" მეტროსადგურამდე მისასვლელი ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელი, სადაც წვიმის დროს წყალი ჩადის.
"ვარკეთილის" მეტროსადგურამდე მისასვლელი ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელი, სადაც წვიმის დროს წყალი ჩადის.

განახლებული მეტროსადგური სრულად ადაპტირებული არ იქნება შშმ პირებისთვის. ეტლით მოსარგებლეებს კვლავ ბარიერების გადალახვა მოუწევთ მეტროში ჩასასვლელად.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, იგეგმება:

  • მეტროს ინტერიერის იატაკი მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით - იცვლება კერამიკული ფილებით;
  • კედლებზე გაკრული ქვის საფარი კერამიკული ფილებით შეიცვლება, ზოგან კი შეიღებება;
  • ჭერზე აზბოცემენტის ფილები შეიცვლება ცეცხლგამძლე ცემენტის ფილებით;
  • ინტერიერში განახლდება და შეიცვლება განათებები;
  • კედლებზე განთავსდება საათი, ქვედა დარბაზში დაიდგმება ნახევარწრის ფორმის სკამები; ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა არ შეიცვლება;
  • განახლდება ე.წ. საევაკუაციო კიბე, რომელიც ბაქანს გარე სივრცესთან აკავშირებს.

ჯერ არ არის ცნობილი, რეაბილიტაციის პროცესში შეაჩერებს თუ არა მეტროსადგური მუშაობას.

მეტროსადგურ "ვარკეთილის" ბაქანზე ჭერი 2018 წლის 30 იანვარს ჩამოინგრა. იმ დღეს იქ 14 ადამიანი დაშავდა.

მეტროსადგურის რეაბილიტაცია დაიწყო და დასრულდა დავით ნარმანიას მერობის დროს. ჭერის ჩამონგრევამდე წლითა და ოთხი თვით ადრე, თბილისის მერი ამბობდა, რომ "მეტროსადგურის რეაბილიტაციის შემდეგ მგზავრთა გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდა".

სადგური კომპანია შპს "ყვარელმშენმა" გაარემონტა და ამისთვის 350 ათასი ლარი მიიღო. მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევიდან ხუთ თვეში, კომპანიის სამ თანამშრომელს ბრალი წაუყენეს.

XS
SM
MD
LG