Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თსუ ისევ ჰიბრიდულ სწავლებაზე გადადის


სტუდენტების შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან
სტუდენტების შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 13 მაისიდან სწავლება შერეული ფორმატით გაგრძელდება. უნივერსიტეტის რექტორმა გადაწყვეტილებას ხელი დღეს მოაწერა.

უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც მესამე კვირაა ჰიბრიდულ სწავლებას ითხოვენ, დღეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შეხვდნენ. საკმაოდ დაძაბული, რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც სწავლება თსუ-ში შერეული ფორმატით გაგრძელდება.

„13 მაისიდან სასწავლო პროცესი წარიმართება შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით. საგანმანათლებლო პროგრამის, თუ მისი კომპონენტების წარმართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფაკულტეტი აღნიშნული პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით. 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი და დამატებითი გამოცდები წარიმართება არადისტანციურ, სრულად დასწრებით ფორმატში, გარდა იმ სტუდენტებისა, რომლებიც იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, - წერია განცხადებაში.

ახლა ველაპარაკებით ადმინისტრაციას, რომ დღეს-ხვალ ამ ბრძანებას განმარტება დაურთონ. განმარტონ, რას გულისხმობენ ჰიბრიდულ სწავლებაში, რადგან თითოეულმა ფაკულტეტმა ეს შეიძლება თავისებურად გაიგოს, - ამბობს სტუდენტი ეკატერინე მაისურაძე.

უნივერსიტეტში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ შერეული სწავლების ფორმატი ეხება არა მხოლოდ რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს, არამედ თბილისში მყოფებსაც. ანუ სტუდენტს სურვილის მიხედვით შეეძლება, ლექციებს დისტანციურად ან აუდიტორიაში დაესწროს.

რაც შეეხება პრაქტიკულ მეცადინეობებს, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი შოთა ფოთოლაშვილი ამბობს, რომ დისტანციური ვერ იქნება სასწავლო პროცესის ის ნაწილი, რომლის ონლაინ წარმართვა პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგ: პაციენტთან ურთიერთიბა, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები.

თუმცა, სტუდენტები მაინც უკმაყოფილოები დარჩნენ იმ ფაქტით, რომ გამოცდების ჩაბარება მათ აუდიტორიებში მოუწევთ.

„6-7 საგანი უნდა ჩააბაროს სტუდენტმა. 8 საათი გზაში უნდა იყოს და მერე დაღლილმა გამოცდა ჩააბაროს. ან ბინა უნდა იქირავოს რამდენიმე დღით, რაც უფრო ძნელია, ვიდრე ორი თვით დაქირავება“, - ამბობს სტუდენტი ილია ჭანტურია.

სტუდენტებმა დღეს დაითვალეს, თუ რა შეიძლება დაჯდეს გამოცდის ჩაბარება. გზის ფული, საკვები და დღიურად ბინის დაქირავება დაახლოებით 200 ლარი ჯდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ სტუდენტს მინიმუმ 5 გამოცდა აქვს ჩასაბარებელი, ეს ხარჯი 1000 ლარამდე ავა.

„ერთი თვე არის გამოცდები, 5-7-ჯერ უნდა ჩამოვიდეს სტუდენტი თბილისში. ეს უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე ერთი თვით ბინის დაქირავება. ვისაც იმის პრობლემა აქვს, რომ ორი თვით იქირაოს ბინა, იმას ერთი თვით დაქირავებაც გაუჭირდება. ჩვენ ისევ ვითხოვთ, რომ გამოცდები ონლაინ ან ჰიბრიდული იყოს“, - ამბობს ეკატერინე მაისურაძე.

თუ რატომ თქვა უნივერსიტეტმა უარი, სტუდენტებს გამოცდებიც დისტანციურად ჩაებარებინათ, ამასთან დაკავშირებით შოთა ფოთოლაშვილი აცხადებს, რომ ეს თანასწორობის შესანარჩუნებლად გაკეთდა და ამ ეტაპზე ეს საკითხი აღარ გადაიხედება.

გამოცდები იქნება დასწრებით ფორმატში. აუცილებელია, რომ სტუდენტების შეფასების კრიტერიუმები იყოს თანაბარ სივრცეში“.

კოვიდპანდემიის გამო საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლება 2 წელი დისტანციური ან ჰიბრიდული ფორმატით ტარდებოდა. 2 მაისს რექტორის გადაწყვეტილებით, თსუ-მ სააუდიტორიო სწავლება განაახლა, რამაც სტუდენტების პროტესტი გამოიწვია. საპროტესტო აქციების მონაწილეები აცხადებდნენ, რომ თბილისში ბინის ქირის გაძვირების გამო რეგიონებში მცხოვრები სტუდენტები ჩამოსვლას და საცხოვრებლის მოძებნას ვეღარ ახერხებდნენ. სტუდენტები მიიჩნევდნენ, რომ სასწავლო წლის ბოლოს ორიოდე თვით სააუდიტორიო ფორმატის დაბრუნება აზრსმოკლებული და უშედეგო იყო, ამასთან განუხორციელებელიც.

სტუდენტების აქცია, 20 აპრილი, 2022 წელი
სტუდენტების აქცია, 20 აპრილი, 2022 წელი

დღეს თსუ-ის 7 ფაკულტეტზე 22 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. სტუდენტები ამბობენ, რომ კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც სტუდენტებს სწავლისთვის შესაფერისი პირობები არა აქვთ, საერთო საცხოვრებელების არარსებობაა. უფრო სწორად, თბილისში ორი საერთო საცხოვრებელია: ბაგებში და ლისზე, მაგრამ, სტუდენტების თქმით, ბაგებში ცხოვრების პირობები უბრალოდ არაადამიანურია, ლისი კი ვერ მოთხოვნებს ვერ აუვა.

2019 წელს უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, კიდევ ერთი საერთო საცხოვრებლის აეშენებინა, მაგრამ მაშინ პროექტი ჩაიშალა.

ყველაზე დიდი საერთო საცხოვრებელი უნდა აგვეშენებინა კავკასიაში, მაგრამ პანდემია დაიწყო და ინვესტორები აღარ დაინტერესდნენ“, - ასე უპასუხა გიორგი შარვაშიძემ სტუდენტებს კითხვაზე: „სად არის დაპირებული საერთო საცხოვრებელი“.

უნივერსიტეტი აპირებს სააუდიტორიო სწავლება სექტემბრიდან განაახლოს. სტუდენტები მიიჩნევენ, რომ თუ უნივერსიტეტმა ახალი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა არ დაიწყო და საბინაო პოლიტიკა არ მოაგვარა, სექტემბერში ზუსტად იმავე პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან, რომლებიც ახლა აქვთ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG