Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გადაწყდება რა ფორმატში გაგრძელდება სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში


28 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რა ფორმატში გაგრძელდება სასწავლო წელი 4 ოქტომბრიდან. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დაუდასტურეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში 15:00 საათზე, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება. სწორედ საბჭოს სხდომაზე იქნება მიღებული გადაწყეტილება მოსწავლეები და სტუდენტები სწავლას კვლავ ონლაინ-რეჟიმში გააგრძელებენ თუ პროცესი სასწავლო დაწესებულებებში გადაინაცვლებს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ სასწავლო დაწესებულებები სწავლის ყველა მოდელისთვის არიან მზად. მათ შორის, როგორც შერეული მოდელისთვის, ისე სწავლის პროცესის სკოლებში გაგრძელებისთვის.

თუმცა, როდესაც ლაპარაკია სრულ მზადყოფნაზე, აქ გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელიც. გაეროს ბავშვთა ფონდის ივნისის მონაცემებით, საქართველოში 3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს არ აქვს სახლში ინტერნეტი და კომპიუტერი, რაც, ფაქტობრივად, გამორიცხავს განათლების ონლაინ რეჟიმში მიღების შესაძლებლობას.

28 სექტემბერს იქნება მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებაც, რა ფორმატში დაიწყებენ სწავლას პირველკლასელები.

შეგახსენებთ, სასწავლო წელი, გარდა პირველკლასელებისა, საქართველოში 15 სექტემბერს, ონლაინ რეჟიმში დაიწყო. სექტემბრის დასაწყისში გადაწყდა, რომ პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი 4 ოქტომბერს, საკლასო ოთახებში უნდა დაიწყოს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც არსებობს ერთი დათქმა და ეს უკავშირდება, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის პროცენტულ მაჩვენებელს. 7 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, პირველკლასელები მხოლოდ იმ რეგიონებში დაიწყებენ სწავლას სკოლის სივრცეში, სადაც დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი იქნება.

განცხადებაში, რომელიც სექტემბრის დასაწყისში გაავრცელა განათლების სამინისტრომ, აღნიშნულია, რომ წინა სემესტრის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, მოსწავლეებისთვის „მაქსიმალურად მოქნილი სისტემა იქნება შეთავაზებული“. კერძოდ, სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ, გააკეთონ არჩევანი დასწრებულ და დისტანციურ სწავლებას შორის და ეს გადაწყვეტილება გავრცელდება პირველკლასელებზეც.

ზოგადად, სწავლის ე.წ. დასწრებით ფორმატში გაგრძელებას რაც შეეხება, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ისე ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები, ჯერ კიდევ აგვისტოში აცხადებდნენ, რომ როგორც მოსწავლეებისთვის ისე სტუდენტებისთვის, სასწავლო დაწესებულებებში დაბრუნება დამოკიდებული იქნებოდა სწორედ ინფიცირების დადებითობის 4%-იან ნიშნულზე.

28 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 7%-ია.

სწავლის სასკოლო სივრცეში განახლების ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად მოიაზრება სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგების ვაქცინაციის საკითხიც.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 25 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით აცრილია პედაგოგთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65%. სრულად, ორი დოზით კი ვაქცინირებულია 48%. ბოლო ორ თვეში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9%-დან 65%-მდე გაიზარდა.

28 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში არსებული თითქმის ყველა დაწესებულება, მათ შორის, რესტორნები, კაფეები, ბარები, ფიტნეს-ცენტრები, საცურაო აუზები, სილამაზის სალონები, გამაჯანსაღებელი ცენტრები, სხვადასხვა რეკრეაციული სივრცე, ღიაა. რაც შეეხება საგანმანათლებლო სექტორს, ყველა დაწესებულება, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, საჯარო და კერძო სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები დახურულია და სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

იმ კონტექსტში, როდესაც სასწავლო წლის სკოლის სივრცეში დაწყება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, საინტერესოა გასული სასწავლო წლის ერთ მონაცემზე დაკვირვება. 2021 წლის მაისის მიწურულს გამოქვეყნებული მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსი სკოლებში, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მხოლოდ 0,2%-ს და მოსწავლეთა 0,04%-ს დაუდასტურდა. შეგახსენებთ, გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრში, სკოლები ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობდა, ანუ, მოსწავლეთა ნაწილი საგაკვეთილო პროცესს სკოლაში ესწრებოდა, ნაწილი კი ამ პროცესში, მშობლების მოთხოვნით, ონლაინ ერთვებოდა.

ეს მონაცემი კი იმას მოწმობს, რომ შარშან, საგანმანათლებლო სისტემა, სკოლები და უნივერსიტეტები არ წარმოადგენდნენ ვირუსის გავრცელების, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების წყაროს.

ამჯერად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ განსაკუთრებული სიფრთხილის მიზეზი შესაძლოა იყოს, ისევე როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც დომინირებული ვირუსის დელტა შტამი, რომელიც კორონავირუსის წინამორბედი შტამებისგან განსხვავებით, განსაკუთრებით სახიფათო აღმოჩნდა ბავშვებისა და მოზარდებისთვის იმ თვალსაზრისით, რომ მოსახლეობის ამ ნაწილში მოიმატა როგორც ინფიცირების, ისე ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა.

თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიუხედავად დელტა შტამის სახიფათო გააქტიურებისა, როგორც ამერიკამ, ისე ევროპამ, ახალი სასწავლო წლის სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების სივრცეებში განახლება, თავიანთი პოლიტიკის პრიორიტეტად მიიჩნიეს და სასწავლო წელი, ცხადია რეკომენდაციებისა და რეგულაციების დაცვით, საგანმანათლებლო სივრცეებში განაახლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG