Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი საპასუხო ზომებით იმუქრება ნატოს სასარგებლოდ ფინეთის არჩევანის გამო


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა მოსკოვში
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა მოსკოვში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფინეთის საგარეო-პოლიტიკური კურსის „რადიკალურად შეცვლა“ უწოდა ამ ქვეყნის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ფინეთი ნატოს წევრი უნდა გახდეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე დღეს, 12 მაისს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ფინეთის სამხედრო ნეიტრალიტეტი ათწლეულების განმავლობაში იყო „ჩრდილოეთ ევროპის რეგიონში სტაბილურობის საფუძველი“ და „უზრუნველყოფდა ფინეთის სახელმწიფოს უსაფრთხოების საიმედო საფუძველს“.

რუსეთი ირწმუნება, რომ ფინეთის მიმართ "არანაირი მტრული განზრახვა არ ჰქონია" და „ისტორია განსჯის რაში სჭირდება ფინეთს თავისი ტერიტორიის გადაქცევა რუსეთთან სამხედრო წინააღმდეგობის მიჯნად“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზების არჩევა ფინეთის ხელისუფლებასა და ხალხზეა, მაგრამ ფინეთმა უნდა გააცნობიეროს ამგვარ ნაბიჯზე პასუხისმგებლობა და შედეგები:

„ნატოსთან ფინეთის შეერთება სერიოზულ ზიანს მიაყენებს რუსეთ-ფინეთის ურთიერთობებს და ჩრდილოეთ ევროპის რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების მხარდაჭერას. რუსეთი იძულებული იქნება მიმართოს როგორც სამხედრო-ტექნიკურ, ისე სხვა ხასიათის საპასუხო ნაბიჯებს მის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების კუპირებისთვის“.

დღეს, ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება იმის შესახებ, რომ ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს ნატოს წევრობის განაცხადი. ფინეთს, რომლის საერთო საზღვარი რუსეთთან ათას კილომეტრზე მეტია, ამჟამად ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი აქვს.

ფინეთმა ნატოში შესვლა გადაწყვიტა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ. ნატოში ოფიციალური განაცხადის წარსადგენად აუცილებელია ფინეთის პარლამენტის თანხმობა. წინასწარი ინფორმაციით, ეს პროცედურა უახლოეს ხანში დასრულდება.

ნატოში შესვლას გეგმავს შვედეთიც. თავის მხრივ, ნატო აპირებს ამ ქვეყნებს დაჩქარებული წესით მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამის შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებენ ალიანსის 30-ივე სახელმწიფოს პარლამენტები.

XS
SM
MD
LG