Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა თურქეთის შუამავლობით გეგმავს "აზოვსტალიდან" სამხედროების ევაკუაციას


აფეთქება მარიუპოლის "აზოვსტალის" ტერიტორიაზე. 2022 წლის 11 მაისი
აფეთქება მარიუპოლის "აზოვსტალის" ტერიტორიაზე. 2022 წლის 11 მაისი

უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის მიზნით, მოლაპარაკების ახალი რაუნდი დაიწყეს. 12 მაისს ღამით, ვერეშჩუკმა ტელეკომპანია 1+1-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მოლაპარაკების ეს რაუნდი ეხება რამდენიმე ეტაპიანი სპეცოპერაციის „საგზაო რუკას“.

უკრაინის ვიცე-პრემიერის თანახმად, პროცესში ჩართულია „წითელი ჯვარი“ და გაერო, რომელთა წარმომადგენლებთან მოლაპარაკება უკვე გამართეს და მანდატი მისცეს. ვერეშჩუკის ინფორმაციით, „წითელ ჯვარს“ კონტაქტი აქვს რუსულ მხარესთანაც. უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, მოლაპარაკების ამ რაუნდის შუამავალი თურქეთია.

ირინა ვერეშჩუკის განმარტებით, ევაკუაციის სპეცოპერაციის პირველი ეტაპი ითვალისწინებს „აზოვსტალიდან“ მძიმედ დაჭრილი სამხედროების გამოყვანას. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიაზე პოლკ „აზოვის“ მებრძოლების გარდა, იმყოფებიან უკრაინის არმიის ჯარისკაცები და ოფიცრები, მესაზღვრები და ეროვნული პოლიციის ოფიცრები.

რუსული არმიის ალყაში მყოფი მარიუპოლის მეტალურგიული გიგანტის, კომბინატ "აზოვსტალის" ტერიტორიას უკრაინელი მებრძოლები ორ თვეზე მეტია იცავენ. მაისის დასაწყისიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უფრო ინტენსიური გახადეს "აზოვსტალზე" საჰაერო და სახმელეთო შეტევა. 10 მაისს უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა თქვა, რომ "აზოვსტალში" რჩება 1000-ზე მეტი უკრაინელი მეომარი.

მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიაზეა ასეულობით დაჭრილი სამხედრო და დაღუპულთა გვამები. 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ "აზოვსტალის" ტერიტორიაზე დაიღუპა პოლკ "აზოვის" ქართველი მებრძოლი, 27 წლის ტატო ბიგვავა.

რუსეთის სამხედრო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ბლოკადაში მოაქციეს უკრაინაზე თავდასხმიდან მალევე, 2022 წლის მარტიდან. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად, მარიუპოლი თითქმის მთლიანად განადგურებულია და დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. უკრაინის ხელისუფლება აღიარებს, რომ სამხედრო ძალით მარიუპოლის განბლოკვა ამჟამად შეუძლებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG