Accessibility links

site logo site logo

„თითქოს წინასწარ შეგვამზადა, რომ მოკვდებოდა“ – „აზოვსტალში“ დაღუპული ქართველი მებრძოლის ამბავი


„ჯერ არ მოვმკვდარვარ... ხომ ხედავთ, ვიბრძვი, ვიბრძვი, კვლავ ვიბრძვი და არ გნებდებით და ამ ბრძოლაში ამომდის სული“... „აზოვსტალში“ დაღუპულმა 27 წლის ტატო ბიგვავამ, ედმონ როსტანის პიესის „სირანო დე ბერჟერაკის“ ეს ნაწყვეტი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე, სიკვდილამდე ორი დღით ადრე, 6 მაისს გამოაქვეყნა. ანუკიმ, უფროსმა დამ, მაშინვე მისწერა ტატოს:

- შენი პოსტი რას ნიშნავს?

- ეს ჩემი საყვარელი პიესაა.

- მაგარია. და რას ნიშნავს?

- ეს მისი (სირანოს) რეპლიკაა პიესაში.

- ახლა რამ გაგახსენა?

- მერე შეიძლება ინტერნეტი გაითიშოს.

- რამისთვის ხომ არ გვამზადებ, ყველაფერი კარგადაა?

- ყველაფერი კარგადაა.

- გული გამისკდა.

- გამაგრდი.

- ცოცხალი დაბრუნდი და ჩვენ კარგად ვიქნებით. მთავარია შენ გამაგრდი.

- კარგი.

8 მაისს, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, იქ სადაც „აზოვის“ ბატალიონის 60 მებრძოლი აფარებდა თავს, ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბი ჩამოვარდა. ტატო 18 თანამებრძოლთან ერთად ნანგრევებში მოყვა. მისი ცხედარი ნანგრევებიდან 9 მაისს ამოასვენეს.

ტელმან (ტატო) ბიგვავა 1995 წელს, უკრაინაში დაიბადა. დედა, ნანა მამარდაშვილი სოხუმელია. მამა, ბადრი ბიგვავა ზუგდიდიდანაა. 10 თვის იყო ანუკი, ტატოს და, როცა, 1993 წელს, აფხაზეთის ომის შემდეგ, ოჯახი უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად:

„მამამ კიევში დაამთავრა საავიაციო სასწავლებელი. უკრაინაში საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და ამიტომ გადაწყვიტეს უკრაინაში გადმოსვლაც. კავშირი საქართველოსთან არასდროს გაგვიწყვიტავს. ყოველ ზაფხულს ჩამოვდიოდით საქართველოში. ჩემი ძმა უკრაინაში დაიბადა, უკრაინის მოქალაქე იყო, მაგრამ იცოდა, რომ მისი სამშობლო უკრაინასთან ერთად, საქართველო იყო. ომში უკრაინის დროშასთან ერთად, საქართველოს დროშაც თან ჰქონდა. ძალიან უყვარდა აქაურობა, კავშირი არასდროს გაუწყვიტავს თავის ფესვებთან. ტანზე ჰქონდა ამოსვირინგებული ქართული ვაზი და ბორჯღალი“, - გვიყვება ანუკი ბიგვავა.

19 წლის იყო ტატო, როცა 2014 წელს, ევრომაიდნის მოვლენების, რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად ყირიმის ანექსიისა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოცხადების შემდეგ, მან და მისმა საუკეთესო მეგობარმა რომამ, უკრაინის საზღვაო ქვეითთა და ჯარისკაცთა პოლკ „აზოვში“ გაწევრიანება გადაწყვიტეს.

ანუკი, ტატოს და, იმ პერიოდში უკვე საქართველოში ცხოვრობდა:

„დედაც ჩემთან ერთად იყო. ტატო ჩამოვიდა და გვითხრა, რომ „აზოვის“ ბატალიონში აპირებდა გაწევრიანებას. მახსოვს, ძალიან მძაფრი რეაქცია გვქონდა. ყველამ ვიცით, რას ნიშნავს ჯარისკაცის ოჯახის წევრობა. არავინ იცის, სად დაეწევა სიკვდილი. არ დაგვღუპო-მეთქი, ვთხოვდი, მშობლები ვერ გადაიტანენ, რამე რომ დაგემართოს-მეთქი, მაგრამ უარი მითხრა. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და ეცით ამ გადაწყვეტილებას პატივიო“.

ტატო ბიგვავა
ტატო ბიგვავა

ერთწლიანი სწავლების შემდეგ, 2015 წელს, ტატო „აზოვის“ პოლკის მებრძოლი გახდა. მშობლებთან, დნეპრში ჩასვლას, იშვიათად ახერხებდა:

„მთელი ეს წლები ასე იცხოვრეს. მარიუპოლიდან დნეპრში თვეში ერთხელ, შაბათ-კვირას ჩადიოდა მათ სანახავად. სულ მის მოლოდინში იყვნენ. მასთან შეხვედრის იმედით ცხოვრობდნენ. ჩემმა მშობლებმა ტატო ბოლოს თებერვლის დასაწყისში ნახეს. ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. დედას დაბადების დღე იყო და ტატო ერთი კვირით ჩავიდა მათთან. მე უკანასკნელად სამი წლის წინ ვნახე ჩემი ძმა. როცა შვილთან ერთად ჩავედი უკრაინაში“.

2019 წელს, ტატოს მეგობარი და თანამებრძოლი, რომა რომანენკო, ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა:

„ყველამ ძალიან განვიცადეთ მისი სიკვდილი და კიდევ უფრო მეტი შიში გაგვიჩნდა, რომ ჩემს ძმასაც იგივე ბედი ელოდა. ვეხვეწებოდით, რომ წამოსულიყო, მაგრამ უარი გვითხრა. გვიმეორებდა, ახლა მის ნაცვლადაც უნდა ვიბრძოლოო“.

ტატო ბიგვავა და რომა რომანენკო
ტატო ბიგვავა და რომა რომანენკო

„ნორმალურად“ - ერთი სიტყვით პასუხობდა ხოლმე ტატო „ტელეგრამში“ ანუკის შეკითხვას „როგორ ხარ?“. არასდროს მიუწერია ოჯახის წევრებისთვის, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ამის შესახებ მხოლოდ შეყვარებულს გაუმხილა:

„მისწერა, რომ სავარაუდოდ, ცოცხალი ვეღარ დაბრუნდებოდა. ამზადებდა, რომ ის მოკვდებოდა. ეუბნებოდა, რომ თუ „აზოვსტალი“ დაეცემოდა, 99% ისიც დაიღუპებოდა. სწერდა, რომ აღარც შიში ჰქონდა, აღარც სხვა ემოცია, მარტო სიბრაზე და სიძულვილი“.

ტატოს გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებს მისმა თანამებრძოლებმა, მეგობრებმა შეატყობინეს:

„ტატოს ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა. მათ სთხოვა, თუკი დავიღუპები, ჩემი ოჯახის წევრებს მაშინვე შეატყობინეთ, ბატალიონის ოფიციალურ შეტყობინებას ნუ დაელოდებითო. 8 მაისს, ტატოს სიკვდილამდე სულ ცოტა ხნით ადრე მქონდა მასთან კომუნიკაცია. მივწერე, როგორ ხარ-მეთქი და კარგადო, მიპასუხა. ეს იყო და ეს“.

ტატოს ცხედარი ახლა მარიუპოლშია. რუსული არმიის მიერ ალყაშემოტყმული ქალაქიდან მისი, ისევე, როგორც სხვა დაღუპული მებრძოლების გამოსვენება, ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ანუკი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ოჯახი ტატოს ცხედარს დაიბრუნებს, მას, სავარაუდოდ, საქართველოში გადმოასვენებენ და აქ დაკრძალავენ:

„ჩემი მშობლები ამაყები არიან. ეს მისი არჩევანი იყო და ის გმირულად დაიღუპა. ახლა ცდილობენ, რომ როგორმე გამოასვენონ მისი ცხედარი მარიუპოლიდან, რომ უკვალოდ არ დაიკარგოს ტატოს ბრძოლა და მისი სახელი ისტორიას დარჩეს“.

27 წლის ტელმან (ტატო) ბიგვავა კაპიტნის წოდებას ატარებდა. ერთი თვის წინ ის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის ორდენით დააჯილდოვა.

12 მაისის მონაცემებით, ვითარება კვლავ უკიდურესად მძიმეა მარიუპოლის მეტალურგიული გიგანტის, კომბინატ "აზოვსტალის" ტერიტორიაზე, რომელსაც ორ თვეზე მეტია იცავენ უკრაინელი მებრძოლები პოლკ "აზოვიდან" და საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადიდან. მაისის დასაწყისიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა "აზოვსტალზე" საჰაერო და სახმელეთო შეტევა უფრო ინტენსიური გახადეს

მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიაზე რჩება ასეულობით დაჭრილი სამხედრო და დაღუპულთა გვამები. რუსეთი "აზოვსტალის" დამცველებისგან მოითხოვს იარაღის დაყრას და დანებებას, რასაც ისინი არ თანხმდებიან.

მარიუპოლიდან ვერ ხერხდება კიდევ ერთი დაღუპული ქართველი მებრძოლის, 54 წლის ბახვა ჩიქობავას გამოსვენება. ის მარიუპოლში 19 მარტს, სავარაუდოდ, დაბომბვის შედეგად დაიღუპა.

24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, 11 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG