Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISW: რუსეთის არმიას, სავარაუდოდ, უწევს დონბასში გეგმების შეცვლა


უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, მის მიერ 12 მაისს გამოქვეყნებული ეს ფოტო ასახავს რუსეთის არმიის განადგურებულ ტექნიკას და გადასასვლელს დონბასში, მდინარე სევერსკი დონეცზე

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“(ISW) ექსპერტთა შეფასებით, რუსეთის არმიამ შესაძლოა, უარი თქვა უკრაინის ქალაქ იზიუმიდან სამხრეთით გარღვევაზე და უკრაინის სამხედრო ძალების სრულად ბლოკირებაზე იზიუმი-სლავიანსკი-დებალცევოს მიმართულებით. ISW-ის შეფასებით, რუსი სამხედროები, სავარაუდოდ, აირჩევენ გაცილებით მცირე მასშტაბის ალყაში სევეროდონეცკის და ლისიჩანსკის მოქცევას.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის მონაცემებით, 12 მაისის მდგომარეობით, რუსეთის სამხედრო ძალები, როგორც ჩანს, აკონტროლებენ ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეს, აიღეს სევეროდონეცკიდან ჩრდილოეთით მდებარე სოფელი ვოევოდოვკა და უახლოეს დღეებში შეეცდებიან ქალაქ სევეროდონეცკზე შეტევას.

ქალაქი სევეროდონეცკი მდებარეობს ლუგანსკის ოლქის იმ ნაწილში, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს. ამასთან, ამერიკელი ექსპერტების თანახმად, გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა რუსეთის ძალები სევეროდონეცკის ალყაში მოქცევას და მით უმეტეს, ქალაქის დაკავებას, რადგან უკრაინის დასახლებულ პუნქტებზე იერიშისას რუსი სამხედროები ყოველთვის მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდებიან.

კიევზე წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG