Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციფრული ბოტასი STEPN - გაგამდიდრებთ, თუ პირიქით?


საქართველოში ბევრმა დაიჯერა, რომ გამდიდრების ახალი ფორმულა არსებობს: „1500 დოლარს + სიარული”. სულ ესაა? არაფერიც! ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ ტრენდული აპლიკაცია STEPN-ი რამდენიმე თვეში არ გაუფასურდება.

ლაშა იოსებიძე დღეში 10 წუთს სეირნობს და დაახლოებით 220 ლარს აკეთებს ამაში. პირველი ციფრული ბოტასი სამი კვირის წინ იყიდა, ცოტა ხანში მეორე წყვილიც დაამატა და ახლა უკვე დარბის კიდეც.

„ადრეც ვვარჯიშობდი, მაგრამ ამან უკვე რეჟიმში ჩამაყენა - რომც არ მინდოდეს გასვლა, გავდივარ სარბენად”, - ჰყვება 29 წლის ლაშა.

პირველი წყვილი ბოტასი თავისი ფულით იყიდა, მეორე - სესხით. ორივე ერთად „6000-7000 ლარი” დაუჯდა.

სამაგიეროდ, დღეში კრიპტოვალუტა GST-ს დაახლოებით 25 ერთეულს გამოიმუშავებს. ეს უკვე ბევრია - დამწყებები ამბობენ, რომ ყველაზე „სუსტი” ბოტასით 4-დან 6 GST-მდე იღებენ (45-დან 70 ლარამდე).

ბოლო კვირებში დაეცა არა მხოლოდ GST-ის, არამედ თითქმის ყველა კრიპტოვალუტის ღირებულება.
ბოლო კვირებში დაეცა არა მხოლოდ GST-ის, არამედ თითქმის ყველა კრიპტოვალუტის ღირებულება.

ლაშა ხედავს, რომ ციფრულ ბოტასს სულ უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს.

„ბევრს არ აქვს გააზრებული, რაში დებს ფულს. რომ ხვალ შეიძლება ფული აღარ დაუწეროს. იმიტო კი არა, რომ პირამიდაა და ჩამოიშლება, არამედ იმიტომ, რომ სხვა კრიპტოვალუტებზეა და ბირჟაზეა მიბმული”, - ამბობს იგი.

რამდენს ხანს ექნება ეს ახალი შემოსავალი? დანამდვილებით არ იცის. მაგრამ ციფრულ ბოტასებს ლაშასთვის მხოლოდ ფული არ მოუტანია. ბევრი ახალი ნაცნობიც გაიჩინა, ყველა STEPN-ელი.

„ვიღაცა მეზობელი გავიცანი, ათი წელია ჭავჭავაძეზე ვცხოვრობ და არ მინახავს თვალით”, - ამბობს ლაშა.

რა არის STEPN-ი?

STEPN-ი მობილური აპლიკაციაა, რომლიც გიხდით ციფრულ ფულს ღია ცისქვეშ სიარულში, ძუნძულსა და სირბილში. ამისთვის STEPN-ი აკვირდება თქვენი ტელეფონის ადგილმდებარეობას და ზომავს მოძრაობის სიჩქარეს.

ეს აპლიკაციის შიდა მაღაზიაა. 13 მაისს ყველაზე იაფი ბოტასი ღირს 12.7 სოლანა. დღევანდელი კურსით, დაახლოებით 2000 ლარი.
ეს აპლიკაციის შიდა მაღაზიაა. 13 მაისს ყველაზე იაფი ბოტასი ღირს 12.7 სოლანა. დღევანდელი კურსით, დაახლოებით 2000 ლარი.

თამაშის დასაწყებად უნდა იყიდოთ ციფრული ფეხსაცმელი. რაც უფრო „ძლიერია” ის, მით უფრო მეტი ციფრული ფულის გამომუშავებას შეძლებთ. კრიტპოვალუტა ხმარდება ფეხსაცმლის გაუმჯობესებას, ან იცვლება ნაღდ ფულში.

ერთი ბოტასი თუ გაქვთ, მას დღეში სადღაც 10 წუთით გამოიყენებთ. მეტი „ენერგია“ გინდათ? დახარჯეთ მეტი ციფრული ფული.

ორ ფეხსაცმელს თუ იყიდით, შეგიძლიათ ისინი შეაჯვაროთ, და შექმნათ ანუ „დამინთოთ” მესამე. ამასაც ციფრული ფული უნდა დაახარჯოთ. (ინგლისურად ზმნა to mint რკინის ფულის გამოჭრას ნიშნავს.) „დამინთულ” ფეხსაცმელს ან თავად გამოიყენებთ, ან გაყიდით.

STEPN-ი ნავაჭრის 6%-ს იტოვებს. Forbes-ი წერს, რომ წინა წლის ბოლო მეოთხედში კომპანიამ 26 მილიონი დოლარის მოგება ნახა. ზოგიერთი ანალიტიკოსი უკვე აფასებს კომპანიას სულ ცოტა 1 მილიარდ დოლარად.

აპლიკაციის ოფიციალური საიტის თანახმად, მისი შექმნის იდეა 2021 წლის აგვისტოში გაჩნდა. დეკემბერში კი ის ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი.

Forbes-ი წერს, რომ ახლა აპლიკაციას თვეში 2.3 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ყოველდღე კი ნახევარი მილიონი ადამიანი იყენებს.

შემქმნელები აპლიკაციაში კიდევ ბევრი ფუნქციის დამატებას აპირებენ. გპირდებიან, რომ შეძლებთ ბოტასის გაქირავებას, შეჯიბრებაში მონაწილეობას.

აპლიკაცია ფულს კი „წერს”, მაგრამ შემქმნელები ამბობენ, რომ ეს მეორეხარისხოვანია.

„გვინდოდა, წაგვექეზებინა სხვები, ქცევა შეეცვალათ და მეტი ევარჯიშათ”, - უთხრა „ფორბსს“ STEPN-ის თანადამფუძნებელმა, იან რონგმა.

მაგრამ საქართველოში ზოგმა დაიწყო STEPN-ით ფულის შოვნა მოძრაობის გარეშე. ერთმა კომპანიამ შექმნა ახალი სერვისი - ბოტასი თქვენია, ირბენენ ისინი.

ველური დასავლეთი2

მსგავსი სიახლეები ფეისბუკზე, ქართულ თემატურ ჯგუფში ქვეყნდება. აქ გაწევრიანებულია 18 ათასზე მეტი მომხმარებელი. თვე-ნახევრის წინ შექმნილ ჯგუფში აზიარებენ გამოცდილებას, თამაშის სხვადასხვა სტრატეგიას და რჩევებს აძლევენ დამწყებებს.

ჯგუფის შემქმნელი, ბექა ზაქაიძე ჰყვება, რომ საქართველოში STEPN-ის მიმართ დიდი ინტერესი არ უკვირს. ორი მიზეზის გამო: კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესი უკვე რამდენიმე წელია არსებობს, ცოტა ხნის წინ კი ბევრი ადამიანი NFT-ითაც დაინტერესდა.

რამდენიმე წლის წინ ბექამ შექმნა კრიპტოპროექტებზე მომუშავე კომპანია Dao. სხვა მომსახურებასთან ერთად, მას აქვს საიტი, სადაც შეიძლება კრიპტოვალუტის გადახურდავება ნაღდ ფულზე.

ბებიაჩემს რომ ეკითხა, რას აკეთებო, როგორ აუხსნიდა?

„ვეტყოდი, რომ შეხება გვაქვს ვირტუალურ ფულთან, რომელზე ზეგავლენაც არცერთ მთავრობას არ შეუძლია. და ადრე რომ ფული დაკარგა, შეუძლებელი იქნება, რომ დაემართოს ამ შემთხვევაში”, - პასუხობს ბექა.

იგი ჰყვება, რომ წლების განმავლობაში ფული არაერთ კრიპტოპროექტში დაუბანდებია. ბევრმა გაამართლა, ბევრმა - ვერა. ამის წინასწარ ცოდნა თითქმის შეუძლებელია, რადგან ვერავინ იტყვის რა მოხდება ხვალ.

მაგალითად, STEPN-ში ბოტასების საყიდლად ციფრული ფული, იგივე კრიპტოვალუტა Solana გჭირდებათ. „გამომუშავებული” თანხა გერიცხებათ კრიპტოვალუტებში - Gmt-სა და Gst-ში. ამ უკანასკნელის გამოყენება მხოლოდ აპლიკაციაში შეგიძლიათ.

უამრავი მიზეზი არსებობს, რის გამოც შეიძლება გაუფასურდეს ან თავად ბოტასი, ან ის კრიპტოვალუტები, რომელიც მის საყიდლად და გასაყიდად გჭირდებათ.

ბექასთვის „კრიპტოინდუსტრია ველური დასავლეთია კვადრატში”. მისი თქმით, ნებისმიერ კრიპტოპროექტში ფულს სანამ ჩადებთ, რამდენიმე კითხვას უნდა უპასუხოთ:

  • მზად ხართ თუ არა ამ თანხის დასაკარგად?
  • მზად ხართ თუ არა, გადაიხადოთ ფული სურათში, რომელიც შეიძლება ვეღარასდროს გაყიდოთ?
  • მზად ხართ თუ არა, ისწავლოთ ეს სფერო?

„მარტო ფლობა არაფერია, დრო უნდა დახარჯო, რომ მინიმუმ წარმოდგენა გქონდეს, როგორ არ გაანაღდო გამომუშავებული თანხა, და როგორ ითამაშო”, - ამბობს იგი.

იმედით ვაჭრობა

გამოყენებითი მათემატიკის პროფესორი, ნანა დიხამინჯია არ გამორიცხავს, რომ STEPN-ი რამდენიმე თვეში გაუფასურდეს. მაგრამ ასეც რომ მოხდეს, აუცილებლად გაჩნდება ახალი პროექტები, რომლებიც ციფრული ფულის შოვნას შემოგთავაზებთ.

ბლოკჩეინის წყალობით, ადამიანები აღარ ქმნიან მხოლოდ სამუშაო ადგილებს, ისინი ქმნიან ახალ ეკონომიკებს.

მარტივად რომ გითხრათ, ბლოკჩეინი ანუ ბლოკების ჯაჭვი კომპიუტერებს შორის მონაცემების მიმოცვლის ახალი და დაშიფრული გზაა. ყოველი ახალი მიმოცვლა ახალი ბლოკია. ყოველ ახალ ბლოკში ინახება ინფორმაცია ყველა წინაზე.

ამ ქსელში დღეს ასიათასობით კომპიუტერია გაერთიანებული. ის, რაც ინახება ერთ კომპიუტერში, ინახება ყველა დანარჩენშიც. ინფორმაციის შეცვლა შეუძლებელია.

რატომ მოიკიდა ბლოკჩეინმა ფეხი? დეცენტრალიზაციის წყალობით. აღარ არის საჭირო შუამავალი ინფორმაციის მიმოცვლისთვის და აღარც ფულის გადარიცხვისთვის. ანუ ეკონომიკამ შეიძლება იარსებოს ბანკებისა და სახელმწიფოს გარეშე.

ნანა დიხამინჯია ამბობს, რომ კრიპტოინდუსტრიაში ახალი ტრენდია, გადაუხადო ადამიანებს ფული იმაში, რასაც სიამოვნებისთვის აკეთებენ.

2021 წელს უამრავი თამაში გაჩნდა, რომელიც ციფრულ ფულს უბრალოდ მასში მონაწილეობისთვის იხდიდა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია Axe Infinity, სადაც უნდა გაზარდოთ საკუთარი ფერადი არსებები.

თებერვალში France 24 ჰყვებოდა, რომ ფილიპინებში ამ თამაშის წყალობით ადამიანები ოჯახებს არჩენდნენ. თავიდან 300-400 დოლარის დაბანდებით ყოველთვე დაახლოებით 150 დოლარს შოულობდნენ.

„წარმოიდგინეთ ნებისმიერი ფინანსური სისტემა. მაგალითად, საფონდო ბირჟა… რა ღირს, ვთქვათ, ტესლას აქციები? ღირს, რაც არის ქარხანა, რაც არის ცოდნა დაგროვილი, ადამიანური რესურსი… მაგრამ ეს ღირებულების 50 პროცენტია. დანარჩენი არის იმედი. იმედი, რომ ტესლა მომავალში უფრო ძვირი ეღირება… იქითკენ მივდივართ, რომ მეტავერსში მხოლოდ იმედი გაიყიდება”, - ამბობს ნანა დიხამინჯია.

აფიორაა? არ ვიცით

ამის თქმა დანამდვილებით არავის შეუძლია. აპლიკაციის სასარგებლოდ მეტყველებს პარტნიორების გრძელი სია: კროპტოვალუტა სოლანა, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პლატფორმა ბინანსი და სხვები.

მეორე მხრივ, კრიპტოინდუსტრიაში ხშირია ე.წ. rug pull-ის, ანუ ნოხის გამოცლის სქემა. რაღაც თანხის მოგროვების შემდეგ, შემქნელები უბრალოდ უჩინარდებიან, პროექტი კი იხურება.

თანაც ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, კანონმდებლობა არ არეგულირებს კრიპტოინდუსტრიას და ის ე.წ. რუხ ზონაშია. ანუ დამნაშავეებისთვის შედარებით მარტივია თავის დაძვრენა.

მაგალითად, შარშან ოქტომბერში, „ნეტფლიქსის“ სერიალის „კალმარის თამაშის” მიხედვით შეიქმნა თამაში, რომელიც მოთამაშეებს საკუთარი კრიპტოვალუტით აჯილდოებდა.

სულ რაღაც ერთ კვირაში, მონეტის ფასი 3 თეთრიდან თითქმის 9 000 ლარამდე გაიზარდა. მაგრამ 1 ნოემბერს მონეტები გაუფასურდა, შემქმნელებმა კი თამაშის საიტი წაშალეს.

„ნეტფლიქსმა“ განაცხადა, რომ შემქმნელებთან კავშირში არაა. მათ 3.3 მილიონი დოლარი, ანუ თითქმის 10 მილიონი ლარი მიითვისეს.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG