Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფქვილის დეფიციტი არ შეიქმნება - სოფლის მეურნეობის სამინისტრო


პურის საცხობი, თბილისი.30 მარტი, 2020 წელი
პურის საცხობი, თბილისი.30 მარტი, 2020 წელი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში ხორბლის იმპორტი, დიდწილად, ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა. სამინისტროს მიხედვით, ქვეყანაში მარაგი საკმარისზე მეტია, თუმცა ფქვილის და არა ხორბლის სახით. ხორბლის დეფიციტის თაობაზე საუბრობენ სექტორის წარმომადგენლები.

იაფი ფქვილის მარაგების ფონზე, ავტომატურად შემცირებულია ხორბლის იმპორტი და ხორბლის მარაგები. ქვეყანაში ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს. მარაგი დღეისათვის გვაქვს საკმარისზე მეტი, თუმცა გვაქვს ფქვილის და არა ხორბლის სახით. დაახლოებით თვენახევარ, ორ თვეში დაიწყება ხორბლის ადგილობრივი მოსავლის აღება. ივლისი-აგვისტო მსოფლიოში მარცვლეული კულტურების ახალი მოსავლის მიღების სეზონია. ახალი მოსავალი ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავებას განაპირობებს. დღეისათვის, ხორბლის ფასები მკვეთრადაა გაზრდილი, პრაქტიკულად გაორმაგებულია. იმედი გვაქვს, რომ ფასების კლების ტენდენცია დაიწყება. შესაბამისად, უკვე ამ პერიოდისთვის, საქართველოს მთავრობა შექმნილი ვითარების შესაბამისად იმოქმედებს“, - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ წისქვილკომბინატ „ბარაქის“ დირექტორმა, ლადო ბიძინაშვილმა განაცხადა:

„მაისის ბოლომდე მარაგები გვაქვს. ძველი კონტრაქტებით შემოსული ხორბალი დარჩენილია. შემდეგ წარმოებას გავაჩერებთ“.

ლევან სილაგავა, "ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" დირექტორი "ფორმულას" ეუბნება, რომ საქართველოში ხორბალი მინიმალური რაოდენობით შემოდიოდა, ახლა კი წისქვილები გაჩერების პირას არიან.

თვეებია საქართველოში ხორბალი მინიმალურად შემოდიოდა, შესაბამისად ამან უკვე იმოქმედა ხორბლის მარაგებზე. ხორბლის მარაგები, სამწუხაროდ, მინიმალურია და შემიძლია ვთქვა, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში ის სამი წისქვილიც, რომელიც დღემდე მუშაობდა, ფაქტობრივად გაჩერდება“, - ამბობს სილაგავა და პრობლემის მოგვარების გზების მოსაძიებლად ის პრემიერ-მინისტრთან სექტორის წარმომადგენლების შეხვედრას ითხოვს.

2022 წლის მარტში საქართველოში ხორბლის ყველაზე ცოტა იმპორტი განხორციელდა და სულ 9 963 ტონა ხორბალი შემოვიდა (3,197 მლნ დოლარი), რაც 2,3-ჯერ ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში შემოვიდა 31 782 ტონა ფქვილი (10,322 მლნ დოლარის ღირებულების) წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 127 ტონა (916 ათასი დოლარის ღირებულების).

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 94% სწორედ რუსეთზე მოდიოდა. 2021 წლის მონაცემებითვე, რუსეთიდან იმპორტირებულმა ხორბლის ფქვილმა საქართველოში მთლიანი ფქვილის იმპორტის 96% შეადგინა.

რუსეთმა პირველ ივლისამდე ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ექსპორტი შეწყვიტა. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ შეზღუდვა შეეხება ხორბლის, სიმინდის, ჭვავის, ქერისა და სხვა მარცვლეული კულტურების ექსპორტს.

ამასთან, რუსული ხორბლის ექსპორტის შეზღუდვა არ გავრცელდება რუსეთის პარტნიორ ქვეყნებზე ევრაზიულ კავშირში - ბელარუსზე, სომხეთზე, ყაზახეთსა და ყირგიზეთზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG