Accessibility links

site logo site logo

უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებს „აზოვსტალიდან“ 60 ადამიანის გამოყვანის შესახებ


უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ უკრაინა მოლაპარაკებას აწარმოებს რუსეთის მხარესთან, მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნის, "აზოვსტალის" შენობაში მყოფი 60 ადამიანის შესაძლო ევაკუაციაზე:

„იქ რამდენიმე ასეული დაჭრილია. პირველ რიგში ისინი უნდა გადავარჩინოთ. ყველა სამხედროს გამოყვანაზე რუსეთი არ დაგვთანხმდება. პირველ რიგში, უნდა გამოვიყვანოთ მძიმედ დაჭრილები და ექიმები. მათი რაოდენობა 60-ია“, - განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას.

მანამდე ირინა ვერეშჩუკი აცხადებდა, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკება 38 მძიმედ დაჭრილი პირის ევაკუაციაზე.

რუსეთის ძალების მიერ "აზოვსტალზე" შვიდი კვირის განმავლობაში მიმდინარე ინტენსიური შეტევის ფონზე, ქარხნის შენობა უკრაინული წინააღმდეგობის ძლიერი სიმბოლო გახდა. "აზოვსტალში" დარჩენილი ბევრი სამოქალაქო პირის - ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმულების - ევაკუაცია მოხერხდა, თუმცა კიევი აცხადებს, რომ 100-დე ადამიანი, შესაძლოა, კვლავაც იმალებოდეს.

ვერეშჩუკმა 10 მაისს თქვა, რომ 1000-ზე მეტი უკრაინელი მეომარი რჩება "აზოვსტალში", წინააღმდეგობის ბოლო ბასტიონში, იმ ფონზე, როცა რუსეთის ალყამ და ინტენსიურმა ბრძოლამ მარიუპოლის დიდი ნაწილი მიწასთან გაასწორა. ვერეშჩუკის თქმით, "ასობით ... სერიოზულად დაჭრილი, ვისაც სასწრაფო ევაკუაცია ესაჭიროება", კვლავ შენობაშია და ვითარება "ყოველდღე უფრო მძიმდება".

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირაში აღიარა, რომ მის ძალებს არ შეუძლიათ მარიუპოლის ბლოკირების გარღვევა და თქვა, რომ მიმდინარეობს მზადება ევაკუაციის მეორე ეტაპისთვის, დაჭრილებისა და სამედიცინო პერსონალისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG