Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაგლოევმა ბიბილოვი გააკრიტიკა ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნის გამო


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალარჩეული ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალარჩეული ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალარჩეული ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი მოქმედი ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მიერ რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის თარიღის დანიშვნას გამოეხმაურა და ის გააკრიტიკა.

"მე, როგორც ჩემი სამშობლოს შვილი და ხალხის მიერ არჩეული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სრულად ვუჭერ მხარს გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანების იდეას ერთიანი რუსეთის შემადგენლობაში. სხვა საკითხია, დადგა თუ არა ახლა ის ისტორიული მომენტი, როდესაც აუცილებელია რეფერენდუმის შესახებ განკარგულების გამოცემა და მისი ჩატარების დაჩქარება", – თქვა გაგლოვმა სააგენტო “რეს"-თან ინტერვიუში. გარდა ამისა, გაგლოევი კითხვას სვამს, შეუთანხმა თუ არა ბიბილოვმა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას თარიღის დანიშვნის გადაწყვეტილება, რადგან სამხრეთ ოსეთის რუსეთთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები კოორდინირებულად მოქმედებენ.

გაგლოევმა ბიბილოვის მიერ ე.წ. რეფერენდუმის 17 ივლისს ჩანიშვნის შესახებ თქვა, რომ გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა, არ შეთანხმებულიყო რეფერენდუმის თარიღი მასთან, "რადგან [ბიბილოვმა] იცოდა, რომ მას უნდა გაეტარებინა რეფერენდუმისთვის რიგი სამართლებრივი ღონისძიებები, მით უმეტეს, საკადრო ცვლილებების პერიოდში".

"ფიქრობდა ანატოლი ბიბილოვი ასეთ ვითარებაში რეფერენდუმის მომზადების ხარისხსა და მის შედეგებზე?" – დასვა შეკითხვა გაგლოევმა.

„ვისაც დაავიწყდა, შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, რუსეთთან შეთანხმების გარეშე, ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში გაერთიანების შესახებ რეფერენდუმები გაიმართა. გავიდა რვა წელი და ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს მიზანს“, - ხაზგასმით აღნიშნა გაგლოევმა შაბათს მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანების შესახებ რეფერენდუმის დანიშვნის განკარგულებაზე ხელმოწერის კომენტირებისას.

ანატოლი ბიბილოვმა 13 მაისს მოაწერა ხელი განკარგულებას რეფერენდუმის 17 ივლისს დანიშვნის შესახებ. ბიბილოვის განცხადებით, მალე ახდება „დიდი ოცნება", რადგან სამხრეთი ოსეთი და რუსეთი „დაკავშირებულია ერთი ისტორიით" და მოვიდა დრო, რომ „ერთხელ და სამუდამოდ" გაერთიანდნენ.

„შესაბამისი დოკუმენტები სასამართლოს გადაეცა. ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და უახლოეს დროში, მალე, ახდება ჩვენი დიდი ოცნება. რუსეთი და სამხრეთი ოსეთი დაკავშირებულია ერთი ისტორიით. ეს არ არის მხოლოდ პარტნიორობა და მეგობრობა. ეს უფრო ორი ძმის ურთიერთობაა, როდესაც უფროსი ძმა ყოველთვის გაგიგებს და მხარს დაგიჭერს, უმცროსი კი - პატივს სცემს და დაეხმარება უფროსს. მოვიდა დრო, გავერთიანდეთ ერთხელ და სამუდამოდ. ეს ნიშნავს ახალი ისტორიის დასაწყისს“, - აცხადებს ბიბილოვი.

„სამხრეთ ოსეთის“ ახალარჩეული პრეზიდენტი ალან გაგლოევი არ იჩქარებს რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას", - რუსულ სააგენტო "ტასს"-თან ინტერვიუში ამის შესახებ ილაპარაკა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა. მან, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ანატოლი ბიბილოვის მიერ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რუსეთთან შეერთების საკითხზე ინიციირებული რეფერენდუმის საკითხი გაურკვეველი ვადით გადაიდო, რადგან ბიბილოვი ამ არჩევნებში დამარცხდა.

ბიბილოვის მიერ რეფერენდუმის თარიღის დანიშვნას დსთ-ს საკითხებში სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ("ერთიანი რუსეთი") კონსტანტინ ზატულინიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს რეფერენდუმი ახლა რუსეთისთვის უადგილოა:

„მე პატივს ვცემ ანატოლი ბიბილოვს, მაგრამ ახლა მისი ქმედება მთლად კორექტული არ არის: შენ თუ არჩევნები წააგე, რეფერენდუმი ახალარჩეულმა პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს და თუ ეს საბოლოოდ რაღაცის გაკეთების სურვილიდან მოდის, არ არის ლამაზი. ეს რეფერენდუმი ახლა რუსეთისთვის უადგილოა“, - განუცხადა ზატულინმა „ვედომოსტს“.

24 მაისს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ახალარჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის ინაუგურაცია გაიმართება და ამის შემდეგ ის "უფლებამოსილების" განხორციელებას დაიწყებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG