Accessibility links

site logo site logo

კანცლერ შოლცის პარტია დამარცხდა მნიშვნელოვან ადგილობრივ არჩევნებში


გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

გერმანიის ჩრდილოეთ რაინი-ვესტფალიის ფედერალური მიწის პარლამენტის არჩევნებში იმარჯვებს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“. გერმანული მაუწყებლის, DW-ს ინფორმაციით, დღეს, 16 მაისს გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, ქრისტიან-დემოკრატებს ხმების 35.7% აქვთ, რაც 2.7%-ით მეტია წინა, 2017 წლის არჩევნების შედეგზე.

გერმანიის ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ წინა არჩევნებთან შედარებით დაკარგა ხმების 4.5% და 15 მაისს ჩატარებული კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, 26.7% აქვს. როგორც DW წერს, ეს ჩრდილოეთ რაინი-ვესტფალიის ფედერალურ მიწაზე ჩატარებული არჩევნების ისტორიაში სოციალ-დემოკრატების ყველაზე ცუდი შედეგია.

ჩრდილოეთ რაინი-ვესტფალიის ფედერალური მიწა წლების განმავლობაში ითვლებოდა გერმანელი სოციალ-დემოკრატების საყრდენად. ანალიტიკოსების შეფასებით, ადგილობრივ არჩევნებში მარცხი დარტყმაა კანცლერ შოლცისთვის, რომელსაც მწვავედ აკრიტიკებენ რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის არასაკმარისი მხარდაჭერის გამო.

რაინი-ვესტფალიის ფედერალური მიწის პარლამენტის წინა არჩევნებთან შედარებით, პოზიციები ყველაზე მეტად, 11.8%-ით გაიუმჯობესა „მწვანეთა პარტიამ“, რომელსაც ხმა მისცა ამომრჩეველთა 18.2%-მა. ფედერალური მიწის საკანონმდებლო ორგანოს მანდატები მოიპოვეს „თავისუფალმა დემოკრატებმაც“ და „ალტერნატივამ“.

გერმანელი ექსპერტები ჩრდილოეთ რაინი-ვესტფალიის ფედერალური მიწის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევენ ქვეყანაში პოლიტიკური განწყობების კარგ საზომად. ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 55.5%, რაც ამ რეგიონის ადგილობრივი არჩევნების ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG