Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ეხმაურება ოპოზიცია ნიკა გვარამიას დაპატიმრებას?


„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ოპოზიცია კრიტიკულად ეხმაურება. ისინი აცხადებენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 16 მაისის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია და არის თავისუფალ მედიაზე ტოტალური კონტროლის დამყარებისა და კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოების დაშინების სურვილი.

ოპოზიციური პარტია „ლელოს“ განცხადებით, ხელისუფლებას აშინებს მედიაპლურალიზმი, ხოლო ქვეყანაში გრძელდება პოლიტიკური ლიდერების დევნა:

„დღევანდელი უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება მძიმედ ხელისშემშლელი ფაქტორია ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის ბრძოლის გზაზე. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მუდმივად მოგვიწოდებენ პოლარიზაციის და პოლიტიკური ესკალაციის დასრულებისკენ, რომელიც დღევანდელმა უსამართლო გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო მეტად შეიყვანა ჩიხში. ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი საფრთხის ქვეშ არის და ქართულ ოცნებას გეზი რუსეთისკენ აქვს აღებული. ქართული საზოგადოების,პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო ინსტიტუტების ვალდებულებაა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, - ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.

ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია ამბობს, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებით, ხელისუფლება ცდილობს კონტროლის დამყარებას ყველა მიმართულებით:

თამარ კორძაია
თამარ კორძაია

„ის ანადგურებს ყველა სივრცეს, სადაც მისი საწინააღმდეგო აზრი ისმის. ის ასამარებს სიტყვის თავისუფლებას. მან დაასამარა ამ ქვეყანაში სასამართლო. და თუ ამას მოქალაქეები ვერ დაინახავენ და კიდევ ვერ იგრძნობენ, თითოეულის კარზე მივა ეს უსამართლობა“.

"სანამ ამ ქვეყანაში ივანიშვილი და მისი გარემოცვაა ძალაუფლებაში, ქვეყანა მიდის თავისუფლების საწინააღმდეგო მიმართულებით", - აცხადებს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას დაპატიმრება, ძალის დემონსტრაციისა და უიმედობის დასათესად გადადგმული ღია ნაბიჯია:

გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

"თუ ხელისუფლებას შეუძლია, რომ ასეთ აბსურდულ საქმეზე, რომელიც მხოლოდ კერძო განხილვის საგანი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაქსიმუმ, ცუდად მართავდა კერძო კომპანიას თუ კარგად, ამისთვის დაიჭიროს ადამიანი, მას შეუძლია ყველაფერი ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში. ეს არის ავტორიტარული რეჟიმის არსი, რისკენაც წლებია მიდის და რისკენაც სვლა დააჩქარა ბოლო პერიოდში ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ. საქართველოს ეს ხელისუფლება თავისუფლების საპირისპირო გზით მიდის, ანუ არა ევროპაში, არა თავისუფალ სამყაროში, ევროატლანტიკურ სივრცეში დაბრუნებისკენ, არამედ პუტინისკენ. ოღონდ, აქაც ის შეეცდება იანუკოვიჩივით რაღაც ბუნდოვანების შენარჩუნებას. ეს უნდა ესმოდეს ყველა მოქალაქეს".

პირადი შურისძიება ნიკა გვარამიაზე, ასე აფასებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნინო გოგუაძე:

ნინო გოგუაძე
ნინო გოგუაძე

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის დიდი იდეა, რომ არ არსებობდეს დამოუკიდებელი აზრი, დამოუკიდებელი მედია. თუმცა, ვერც თავისუფალ აზრს, ვერც კრიტიკულ აზრს, ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი ვერ ჩაახშობს“.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ისევ შეეცდება სავაჭროდ გამოიყენოს პოლიტიკური პატიმრები.

მისი თქმით, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ საქართველოში განვითარებული პროცესები „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული:

გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

"ერთი მხრივ, ბრალდების აბსურდულობა, შინაარსის აბსურდულობა და მეორე მხრივ, მაინც და მაინც ახლა ამ პროცესის დაჩქარება უკავშირდება იმას, რომ "ქართული ოცნება" მეტ სავაჭრო თემას იტოვებს დასავლელ პარტნიორებთან. "ქართულ ოცნებას" მოუწევს ძალიან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უახლოეს მომავალში, რადგან საზოგადოება დაინახავს, რომ ისინი მთლიანად ასცდნენ დასავლურ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. "ქართულ ოცნებას" მოუწევს პასუხები გასცეს როგორც ჩვენს ევროპელ, ასევე ამერიკელ პარტნიორებს, მაგრამ, პირველ რიგში, პასუხი გასცენ საქართველოს საზოგადოებას, ამიტომ იგროვებენ სავაჭრო საკითხებს, რომ შემდგომ რაღაც დათმონ და მერე ამის ხარჯზე ფონს გავიდნენ“.

„საქართველოს სასამართლომ შეასრულა ბიძინა ივანიშვილის ბრძანება“, - ასე ეხმაურება ნიკა გვარამიას დაპატიმრების ფაქტს ხათუნა სამნიძე, "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე.

როგორც ის აცხადებს, სასამართლოს 16 მაისის გადაწყვეტილება არის მესიჯი კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისთვის, რათა გააცნობიერონ, რომ დაისჯება ყველა, ვინც ბიძინა ივანიშვილს შეეწინააღმდეგება.

ხათუნა სამნიძე
ხათუნა სამნიძე

„ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, ამაზე თანხმდება არა მხოლოდ ქვეყანა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, არამედ საერთაშორისო პარტნიორებიც. ნიკა გვარამიას დაკავება არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, პირადი ანგარიშსწორება. ის დიდი ხანია არის მეტოქე ბიძინა ივანიშვილის, რომელიც უკან არ იხევს არც ერთ ჯერზე. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ბრძანება შეასრულა საქართველოს სასამართლომ, სამწუხაროდ. ყველა ჯერზე, როდესაც მე მგონია, რომ ეს ხელისუფლება არ დააზიანებს ისე ქვეყანას, რომ სერიოზული ზიანი მიადგეს მის საერთაშორისო იმიჯს და მის დემოკრატიულ მომავალს, ყოველ ჯერზე ვცდები და ყოველ ჯერზე ვხვდები, რომ ის არაფრად აგდებს ქვეყნის იმიჯს, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და პირდაპირ ასრულებს ბიძინა ივანიშვილის ბრძანებას".

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია კი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას დაკავება არ აძლევს მათ უფლებას, „გახდნენ ჭირისუფლები“:

მისი თქმით, ახლა უკომპრომისო და დაუღალავი ბრძოლაა საჭირო:

ნიკა მელია
ნიკა მელია

„ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვებრძვით ადამიანს, რომელმაც სახელმწიფო მიიტაცა და ფესვები ღრმად გაიდგა, ჩამოაყალიბა კლასიკური ავტოკრატიული სახელმწიფო. ძალიან ცდება ყველა ის ადამიანი, თუნდაც ერთი საერთაშორისო მეგობარი ან საქართველოში მცხოვრები ადამიანი, ვინც იტყვის, რომ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ, ვინაიდან მედია, ნინო ლომჯარიას ინსტიტუტი არსებობს. არა, ძვირფასო მეგობრებო! ეს არის ავტოკრატიული სახელმწიფო, დემოკრატიული ნიშნებით“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG