Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპენსიო სესხი რეფინანსირების განაკვეთს მიებმება და 15% იქნება


საილუსტაციო ფოტო
საილუსტაციო ფოტო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საპენსიო სესხი რეფინანსირების განაკვეთზე გახდება დამოკიდებული და მაქსიმუმ 15% იქნება. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ, 16 მაისის სხდომაზე განაცხადა. მისივე სიტყვებით, დასრულდა ტენდერი, რომელშიც „ლიბერთი ბანკმა“ გაიმარჯვა, პენსიონერებს აქამდეც ეს ბანკი ემსახურებოდა.

დღეს დასრულდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვქონდა ჩვენი პენსიონერებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით. ტენდერში გაიმარჯვა იგივე ბანკმა, „ლიბერთი ბანკმა“, რომელიც წლებია ემსახურება პენსიონერებს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა. პირობა იყო 7- წლიანი მომსახურების შესახებ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ის სესხები, რომლებსაც პენსიონერებისთვის გასცემენ, მიბმული იქნება რეფინანსირების განაკვეთზე და იქნება მაქსიმუმ + 15%, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 25,8%-ია, ნაცვლად 30,6%-ისა, რომელიც ჰქონდათ. გამომდინარე იქიდან, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინები გვაქვს, ეს განაკვეთიც მნიშვნელოვნად შემცირდება და ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაუიაფდებათ პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებაზე ჯგუფმა იმუშავა, რომელშიც ჩართული იყვნენ ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრები, ასევე პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლები.

სოციალური მომსახურების სააგენტომ ფულადი გასაცემლების გაცემის/დარიგების საბანკო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, ტენდერი 12 აპრილს გამოაცხადა. წინადადებების მიღება კი დღეს, 16 მაისს დასრულდა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, ამ დროისთვის, ტენდერში მონაწილე მხოლოდ ერთი პრეტენდენტის დოკუმენტაციაა ჩანს. ეს არის „ლიბერთი ბანკი“, რომლის მიერ შეთავაზებული თანხაც ამ შესყიდვაში 105 მლნ ლარს შეადგენს.

დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული ბანკი მომსახურებას 7 წლით ვადით - 2023 წლის პირველი იანვრიდან, 2029 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გასწევს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, 2021 წლის აპრილში, პარლამენტის საკომიტეტო მოსმენისას, საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთების დინამიკაზე ისაუბრა და დაასახელა როგორ მცირდებოდა ეს განაკვეთ წლიდან წლამდე.

„2012-2013 წლებში იყო სესხები, რომლებიც 100%-დან 200%-მდე ეფექტური განაკვეთით გაიცემოდა;

2014 წელს სესხები გაიცემოდა 53%-იანი ეფექტური განაკვეთით, თუმცა გარკვეული სესხები - 80%-იანი ეფექტური განაკვეთის ფარგლებში;

2015 წელს საშუალოდ 50%-იანი ეფექტური განაკვეთით გაიცემოდა სესხები, რიგ შემთხვევებში 80%-ის ეფექტური განაკვეთით;

2016 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად იკლებს პორტფელზე საშუალო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი; 2017 წლის ბოლოსთვის პორტფელზე საშუალოდ 49,6-დან 41,7%-მდე შემცირდა.

2018 წლის მაისიდან ბანკი იწყებს ისევ პროცენტის შემცირებას და 42 ეფექტურიდან 33 ეფექტურამდე მცირდება", - განმარტა სებ-ის პრეზიდენტმა.

საქართველოში 800 ათასამდე პენსიონერია, მათ თითქმის ნახევარს საპენსიო სესხი აქვს აღებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG