Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით 191 ათასზე მეტ მომხმარებელს სესხი გაუძვირდა


საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რომლის სხდომა დღეს, 30 მარტს გაიმართა, რეფინანსირების განაკვეთი 0,5 %-ით გაიზარდა. შედეგად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ს შეადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ინფორმაციით, 2022 წლის 1 მარტის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე ანუ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებაზე მიბმულია 191 800 სესხი. შესაბამისად, ამ სესხების მფლობელებს უფრო მეტის გადახდა მოუწევთ, ვიდრე დღემდე იხდიდნენ.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდას ეროვნული ბანკი ინფლაციის შესამცირებლად მიმართავს. ამჟამად საქართველოში ინფლაციის დონე თითქმის 14 პროცენტია.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლად გამოცხადებულია 3 პროცენტი. თუმცა, უკანასკნელ დროს ის არათუ ამ პროცენტთან მიახლოებას, არამედ ინფლაციის 10 პროცენტამდე შემცირებასაც ვერ ახერხებს.

კითხვაზე, ინფლაციის ზრდის გაგრძელების შემთხვევაში, სადამდე შეიძლება გაიზარდოს საპროცენტო განაკვეთი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პასუხობს, რომ “განაკვეთის ზრდა უნდა მოხდეს იმ დონემდე, რისი საჭიროებაც იქნება."

XS
SM
MD
LG