Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოში გაემგზავრა.

პრემიერის თქმით, მას შეხვედრები ექნება ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვადაზე ადრე დავამთავრეთ კითხვართან დაკავშირებით მუშაობა. კიდევ ერთხელ, მინდა ყველას საჯარო მოხელეს მადლობა გადავუხადო, ვინც იყო ჩართული, მინისტრებს, ყველას, მთელ მთავრობას, ყველა უწყებას, პარლამენტს, რომ დროულად მოხდა კითხვარის შევსება და ევროკავშირისთვის წარდგენა. ამ და სხვა საკითხებზე მექნება შეხვედრები ბრიუსელში, უმაღლეს დონეზე. ასევე მექნება შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ბატონ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან. ასე რომ, ამ შედეგებს საზოგადოებას მოგვიანებით გავაცნობთ“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა გამგზავრებამდე.

ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გაემგზავრა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

ევროკომისიის კითხვარის შევსებული მეორე ნაწილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს, მთავრობის ადმინისტრაციაში 10 მაისს გადასცა.

ევროკომისიის კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილის მიწოდების თარიღად, ევროკავშირის მიერ 13 მაისი იყო განსაზღვრული.

კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააგზავნა, 11 აპრილს კი ევროკომისიისგან კანდიდატის წევრობის კითხვარი მიიღო. 15 აპრილს, "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით", ხელისუფლებამ ის გაასაჯაროვა.

დოკუმენტის პირველი ნაწილი 369 კითხვისგან შედგებოდა. იგი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმებით აფასებდა საქართველოს მზაობას, მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

29 აპრილს საქართველოს ხელისუფლებამ გაასაჯაროვა დოკუმენტის მეორე ნაწილი. მასში თითქმის 2300 კითხვაა. იგი არკვევს, რამდენად მორგებულია საქართველოს კანონმდებლობა ევროპულს, რამდენად მოხერხდება მასში ცვლილებების შეტანა და რამდენად მზადაა საქართველო, შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა დააკისრებს.

დოკუმენტის ორივე ნაწილში ევროკომისია მოუწოდებდა ხელისუფლებას, დაესაბუთებინა პასუხები კონკრეტული მაგალითებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG