Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლომჯარია ამბობს, რომ პრეზიდენტის ადგილზე იფიქრებდა ნიკა გვარამიას შეწყალებაზე


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა „მთავარი არხის“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას. როგორც ლომჯარია აღნიშნავს, გვარამია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

„ნიკა გვარამია უფრო მეტად არის შეწუხებული ამ წუთას მისი შვილების მდგომარეობით. რა თქმა უნდა, თავი უდანაშაულოდ მიაჩნია. ის ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილებები მიღებულია მიზანმიმართულად, რადგან ეს ყოფილიყო ხელის შემშლელი ფაქტორი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში“, - თქვა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი გვარამიას საქმეზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას გეგმავს.

„მნიშვნელოვანი იქნება პრეზიდენტის პოზიცია, ვიცი, რომ მას აღელვებს ევროპული გზა და ევროპული ინტეგრაცია, მე მზად ვარ მას შევხვდე და გავუზიარო ის მიგნებები, რომელიც სახალხო დამცველს აქვს განაჩენთან და ბრალთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან.

შეკითხვაზე, მოუწოდებს თუ არა სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ, ლომჯარია პასუხობს:

„მე, რომ ვიყო საქართველოს პრეზიდენტი და ვიცოდე, რომ დღეს არის ამ ქვეყნისთვის ისტორიულად გადამწყვეტი მომენტი, ქვეყანაში იყოს მიღებული ასეთი გადაწყვეტილება, პირის პატიმრობასთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანესი მედიამენეჯერის მიმართ, სადაც სახალხო დამცველი ამბობს, რომ საერთოდ დანაშაულის ნიშნები არ ყოფილა და ეს არის კანონიერების პრინციპთან შეუსაბამო გადაწყვეტილება, მე ნამდვილად ვიფიქრებდი შეწყალების გამოყენებაზე. ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა სამართლიანი გამოსავალი ამ შემთხვევაში“.

საქართველოს სახალხო დამცველმა 15 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

2019 წლის 4 ნოემბერს სახალხო დამცველმა სასამართლოს აღნიშნული საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა.

ნინო ლომჯარიას თქმით, დოკუმენტი ეყრდნობა საქმის მასალების გაცნობის შედეგად გამოვლენილ საკვანძო საკითხებს და მიმოიხილავს საკორპორაციო-სამართლებრივი და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის კავშირსა და ურთიერთმიმართებას.

„ამ საქმეში დანაშაულად არის მიჩნეული საწარმოს მმართველის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ხელშეკრულების პირობების შეცვლა, მისაღები შემოსავლის განსაზღვრა), რომელიც საწარმოს მფლობელთანაც იყო შეთანხმებული. ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განხილულია აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, კონტინენტური ევროპის ქვეყნებისა და საქართველოს სასამართლოების პრაქტიკა, რომლის თანახმად, მსგავსი სამეწარმეო გადაწყვეტილება ვერ გამოიწვევს არათუ სისხლისსამართლებრივ, არამედ კორპორატიულ პასუხისმგებლობასაც კი. დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია, ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, მაგრამ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს ემსახურებოდეს და მოკლე ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას ემსახურებოდეს“.

სახალხო დამცველი 15 მაისს გავრცელებულ განცხადებაში წერდა, რომ მოცემულ საქმეში საკორპორაციო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამორიცხულია, რადგან დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა: (1) ერთპიროვნული, პარტნიორებთან შეუთანხმებელი მოქმედება (დომინანტური მდგომარეობის გამოყენება), (2) არ ისახავდა მიზნად პირად გამდიდრებას თაღლითობის (fraud) ჩადენის გზით და (3) რისკების ანალიზი გონივრულად მიუთითებს, რომ გადადგმული ნაბიჯი ემსახურებოდა კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს:

„მით უფრო, გამოირიცხება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რისთვისაც აუცილებელია, რომ დირექტორი, მოგების მიღების მიზნით, ახორციელებდეს ქმედებას, რომელიც თავისთავად წარმოადგენს დანაშაულს. ცხადია, ხელშეკრულების პირობების შეცვლა, რაც კორპორაციის ძირითადი საჭიროების მიზნით არის განპირობებული, დანაშაულის შემადგენლობას არ იძლევა“.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG