Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ "აზოვსტალში ტყვედ ჩაბარდა 265 ბოევიკი"


"აზოვსტალის" დამცველების ნაწილი მარიუპოლიდან ნოვოაზოვსკში ავტობუსებით 16 მაისს ჩაიყვანეს
"აზოვსტალის" დამცველების ნაწილი მარიუპოლიდან ნოვოაზოვსკში ავტობუსებით 16 მაისს ჩაიყვანეს

უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, გრძელდება „აზოვსტალიდან“ ევაკუაციის ჰუმანიტარული ოპერაცია. დღეს, 17 მაისს ვერეშჩუკი ტელეგრამ-არხზე წერს, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად, 16 მაისს, ევაკუირებული იყო 52 მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედრო, რომლებსაც მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ რუს ტყვეებში გაცვლიან.

ვერეშჩუკის თანახმად, მუშაობენ ჰუმანიტარული ოპერაციის მომდევნო ეტაპებზე.

წუხელ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან ევაკუირებულია 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო, რომლებიც გადაიყვანეს ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში, "აზოვსტალის" კიდევ 211 დამცველი კი, ჰუმანიტარული დერეფნით ჩაიყვანეს ოლენივკაში, საიდანაც გენშტაბის თანახმად, „გაცვლის პროცედურით“ დააბრუნებენ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

ნოვოაზოვსკი და ოლენივკა რუსეთის მიერ "დამოუკიდებელ რესპუბლიკად" აღიარებული, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზეა მოქცეული.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანახმად, გარნიზონმა „მარიუპოლმა“ შეასრულა საბრძოლო ამოცანები და უმაღლესმა სარდლობამ „აზოვსტალში“ მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებს უბრძანა, პირადი შემადგენლობის სიცოცხლის გადარჩენა.

დღეს, 17 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა კონაშენკოვმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „გუშინ მარიუპოლში დაიწყო აზოვსტალის ქარხანაში ბლოკირებული, ნაციონალისტური ქვედანაყოფის აზოვის ბოევიკების და უკრაინელი სამხედროების ტყვედ ჩაბარება“. კონაშენკოვის თანახმად, 16 მაისს „იარაღი დაყარა და ტყვედ ჩაბარდა 265 ბოევიკი, მათ შორის 51 მძიმედ დაჭრილი“.

რუსული არმიის ალყაში მყოფ მარიუპოლში მეტალურგიული გიგანტის, კომბინატ "აზოვსტალის" ტერიტორია რჩებოდა ქალაქის ერთადერთ რაიონად, რომელსაც უკრაინელი მებრძოლები თითქმის სამი თვის განმავლობაში იცავდნენ. მაისის დასაწყისიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უფრო ინტენსიური გახადეს "აზოვსტალზე" საჰაერო და სახმელეთო შეტევა. რუსეთი უკრაინელი მებრძოლებისგან მოითხოვდა იარაღის დაყრას და დანებებას, რასაც ისინი არ თანხმდებოდნენ.

სიტუაცია კრიტიკული გახდა "აზოვსტალის" დამცველთა შეიარაღების და სხვა რესურსების თითქმის ამოწურვის და დაჭრილთა უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო. ბოლო დღეებში, უკრაინის ხელისუფლებამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის თურქეთის შუამავლობით, რუსეთთან მიმდინარეობს მოლაპარაკება "აზოვსტალიდან" უკრაინელი მებრძოლების ევაკუაციის მიზნით. 16 მაისს, საღამოს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიღწეულია შეთანხმება „აზოვსტალში“ მყოფი დაჭრილების ქალაქ ნოვოაზოვსკში გადაყვანის შესახებ და ამ მიზნით, გახსნილია ჰუმანიტარული დერეფანი. უკრაინის ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია მხოლოდ გვიან ღამით დაადასტურა.

რუსეთის სამხედრო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი ბლოკადაში მოაქციეს უკრაინაზე თავდასხმიდან მალევე, 2022 წლის მარტიდან. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად, მარიუპოლი თითქმის მთლიანად განადგურებულია და დაღუპულია ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG