Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე "ისტერიულ კამპანიას" უწოდებს შეფასებებს ნიკა გვარამიას საქმეზე


მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 17 მაისს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ და განცხადებებზე, რომელიც რუსთავი 2-ის ყოფილი ხელმძღვანელის 3 წლითა და 6 თვით პატიმრობის შეფარდების შემდეგ გაკეთდა ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. კობახიძემ ეს გამოხმაურებები "ისტერიულ კამპანიად" შეაფასა და თქვა, რომ ეს განცხადებები "ერთმნიშვნელოვნად, მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობად უნდა შეფასდეს."

"მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რუსთავი 2 სრულიად ყაჩაღურად, მთელი საზოგადოების თვალწინ მიიტაცა, ეს პარტია და მისი პარტნიორები თუ ლობისტები უტიფრად და ურცხვად ამტკიცებდნენ, რომ სასამართლომ ტელეკომპანია კანონიერ მფლობელს უსამართლოდ დაუბრუნა. ანალოგიური უტიფარი და ურცხვი კამპანიის მომსწრეა საზოგადოება, სამწუხაროდ, დღესაც. შეგახსენებთ, რომ ქრონოლოგიურად სწორედ რუსთავი 2-ის საქმეს უკავშირდება კამპანიის დაწყება ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგაც, რომელიც საბჭოური პროპაგანდის მეთოდების გამოყენებით და იარლიყების „მიწებებით“ დღემდე წარმოებს" - თქვა ირაკლი კობახიძემ. ბრიფინგისას მან არაერთხელ აღნიშნა, რომ არ სურს საუბარი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და განცხადებას აკეთებს მხოლოდ იმ გამოხმაურებებზე, რაც გადაწყვეტილებას მოჰყვა.

კობახიძის შეფასებით, ადამიანთა ჯგუფი წარსულში ხელისუფლებაში ყოფნისას, ახლა კი ოპოზიციის რიგებიდან უსამართლობის გარშემო არიან კოორდინირებულები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სატელიტ მედიასაშუალებებთან და უცხოელ ლობისტებთან ერთად იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ მართლმსაჯულების აღსრულებას.

"შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ წინაა სასამართლო განხილვა სისხლის სამართლის საქმეზე აპელაციისა და კასაციის წესით, აგრეთვე სამოქალაქო დავა, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია რუსთავი 2-მა უკანონოდ წართმეული 7 მილიონი უნდა დაიბრუნოს. ბუნებრივია, ნებისმიერ პოლიტიკურად მოტივირებულ ისტერიას და მოსამართლეების „ბულინგს“ მათ სამომავლო გადაწყვეტილებებზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია. შესაბამისად, ამ „ბულინგს“ სათანადო პასუხი უნდა გაეცეს.

ყველამ ძალიან კარგად იცის, რა მოვლენები ვითარდებოდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო გასული წლების განმავლობაში. ტელეკომპანია ჯერ კანონიერ მფლობელს წაართვეს, შემდეგ კი, როცა მიხვდნენ, რომ სასამართლო მას უსათუოდ კანონიერ მფლობელს დაუბრუნებდა, გაძარცვეს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, კანონიერ მფლობელს გაძარცვული უკან „მიუგდეს“. ეს არის ფაქტი, რომლის სამართლებრივი წესით დადასტურება მხოლოდ მათთვის შეიძლება იყოს მიუღებელი, ვისაც ამ საქმის მიმართ მანკიერი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი აქვს" - თქვა ირაკლი კობახიძემ. ის ასევე გამოეხმაურა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებული გადაყვეტილება ნიკა გვარამიას საქმეზე, ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციას და უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესზე. კობახიძის თქმით, "სწორედ ნაციონალური მოძრაობა, ენჯეოები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან, თავისი არსით, ანტიევროკავშირი."

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას. მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG