Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი მიიღებს შვედეთის პრემიერსა და ფინეთის პრეზიდენტს


აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, 19 მაისს შეხვდება შვედეთის პრემიერ-მინისტრს, მაგდალენა ანდერსონსა და ფინეთის პრეზიდენტს, საული ნიინისტოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ამ ორი ქვეყნის გაწევრიანების სურვილის გარშემო სასაუბროდ.

ამერიკული მხარის თანახმად, შეხვედრის თემა იქნება ასევე ევროპის უსაფრთხოება.

ჯო ბაიდენმა 18 მაისს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ფინეთის და შვედეთის ძალისხმევას ნატოში გაწევრიანების თაობაზე და გულითადად მიესალმა „ფინეთის და შვედეთის ისტორიული მნიშვნელობის განაცხადებს ნატოში გაწევრიანების თაობაზე“. ბაიდენის განცხადება მოჰყვა ფინეთის და შვედეთის მხრიდან ნატოში ოფიციალური განაცხადების შეტანას გაწევრიანების თხოვნით, რაც ამთავრებს მათ ხანგრძლივ ნეიტრალიტეტს, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიით გამოწვეული მზარდი შეშფოთების ფონზე.

ორი ჩრდილოელი ქვეყნის ნაბიჯს უფრო ადრე ბრიუსელში მიესალმა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

ნატოს წევრი ქვეყანა თურქეთი ჩრდილოეთი ევროპის ორი სახელმწიფოს ალიანსში გაწევრიანების საკითხს ვეტოთი ემუქრება.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ დაადასტურა ანკარის პოზიცია ალიანსის გაფართოებასთან დაკავშირებით. ჩავუშოღლუმ ფინეთს და შვედეთს ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერა დასდო ბრალად. თურქეთის უკმაყოფილება ეხება PKK-ს, ქურთისტანის კომუნისტურ პარტიას და სირიაში მოქმედ YPG-ს, ქურთთა შეიარაღებულ დაჯგუფებას.

XS
SM
MD
LG