Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ რუსეთთან ომის მიუხედავად, უკრაინის ევროკავშირში განაცხადის განხილვა ვერ იქნება დაჩქარებული


გერმანიის კანცლერი ოლად შოლცი
გერმანიის კანცლერი ოლად შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, აცხადებს, რომ რუსეთის ინტერვენციის მიუხედავად, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინის განაცხადის განხილვა ვერ მოხდება დაჩქარებულად, რასაც კიევმა „მეორეხარისხოვანი“ განცხადება უწოდა.

„ევროკავშირამდე მისაღწევად არ არსებობს მოკლე გზები“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა 19 მაისს, გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატაში, ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლის დროს და დასძინა, რომ ამ თვალსაზრისით უკრაინისთვის გამონაკლისის გაკეთება უსამართლობა იქნებოდა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ, რომლებიც ასევე ესწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებას.

„ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ეს რამდენიმე თვის ან წლის საკითხია“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. გერმანიის კანცლერი გამოვიდა მოწოდებით, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში სხვა ფრომით დაეხმარონ უკრაინას და, აღნიშნა, რომ პრიორიტეტს წარმოადგენს „უკრაინისათვის პრაგმატულ და სწრაფ დახმარებაზე კონცენტრირება“

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში ოფიციალურად გაწევრიანებას შესაძლოა, წლები დასჭირდეს. 9 მაისს სტრასბურგში სიტყვით გამოსვლის დროს, მაკრონი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც საერთო ღირებულებებს იზიარებენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის ამ განცხადებამ უკმაყოფილო დატოვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. ცოტა ხნის წინ დმიტრო კულებამ Financial Times-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ქვეყანა ივნისში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, ეს ევროპელების მხრიდან „მოტყუება“ იქნება.

„თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ, ეს შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ ერთს - ევროპა ცდილობს ჩვენს მოტყუებას და ჩვენ ამას არ გადავყლაპავთ“, - განაცხადა კულებამ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის იდეის კომენტირებისას. გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცის 19 მაისის განცხადებას კი კულებამ უწოდა „მეორეხარისხოვანი“ და დასძინა, რომ ევროკავშირის ნამდვილი წევრის სტატუსის ნაცვლად უკრაინას „სუროგატი“ სტატუსი არ სჭირდება.

გამოცემა „ევროპეისკა პრავდას“ ცნობით, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინისთვის ღია, ევროპული თანამშრომლობის ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის იდეით გამოვიდა და აპირებს, რომ ეს საკითხი ივნისის ბოლოს ევროკავშირის ლიდერების სამიტის დღის წესრიგში დააყენოს.

ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო ერთიან პოზიციაზეა უკრაინის მხარდაჭერაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ, თუმცა ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს ევროკავშირი მოქმედებას უკრაინის გასაწევრიანებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG