Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მთავარი არხის" გადასარჩენად შექმნილ ფონდში პირველი თანხა დავით დვალმა შეიტანა


„მედიის თავისუფლების ფონდი" - ასე ჰქვია ფონდს, რომელიც „მთავარი არხის" გადასარჩენად, მისი დირექტორის დაპატიმრებიდან მესამე დღეს შეიქმნა. საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს „მთავარ არხს", რომელიც აცხადებს, რომ ფინანსური პრობლემები შეექმნა.

ტელეკომპანიის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ საზოგადოებიდან წამოვიდა ძალიან დიდი იმპულსი, რომ მათ მონაწილეობა მიეღოთ არხის გადარჩენაში. როგორც გაბუნია აცხადებს, პირველი მკაფიო განაცხადი გააკეთა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელმა დავით დვალმა. „[დავით დვალს] ნიკა გვარამიასთან მეგობრობას და ვერც „ნაციონალებთან“ მეგობრობას ვერავინ დააბრალებს", - აღნიშნა გაბუნიამ და დაამატა, რომ სხვისი არხის გადარჩენისთვის დვალის პირველი ინვესტიცია არის 10 000 ლარი.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ მებრძოლ კოლექტივს ამოვუდგე გვერდით ყველაზე რთულ დროს. არა მარტო „მთავარისთვის“, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ის, რაც ხდება ჩვენი ქვეყნის თავს, იგივე ნიკა გვარამიას დაპატიმრება და ბევრი სხვა პროცესი, რაც ბოლო დროს ვითარდება. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის დივერსია ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ“, - განაცხადა დავით დვალმა „მთავარი არხის" ეთერში, ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან ერთად მყოფმა.

როგორც ტელეკომპანია აცხადებს, ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერი რაოდენობის თანხა შეუძლია ჩარიცხოს „მედიის თავისუფლების ფონდში".

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გვარამიასთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და საპატიმრო სასჯელს უკანონოდ, პოლიტიკურად მოტივირებულად და დამოუკიდებელი მედიისთვის საფრთხის შემცველად აფასებენ უფლებადამცველი ორგანიზაციების, მედიასაშუალებების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. თავის მხრივ, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს უწოდეს სამართლებრივი და ნიკა გვარამიასა და კრიტიკული მედიის პოლიტიკური დევნა გამორიცხეს, რადგან, მათი განცხადებით, "მთავარი არხი" საქმიანობას უპრობლემოდ განაგრძობს.

ორწლიანი პროცესის შემდეგ, 2021 წლის 8 დეკემბერს, საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს კომპანიის დაბრუნებაზე და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში დატოვა.

აქიმიძე და დვალი წლებია ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ 2004 წელს, მათ კომპანიის კუთვნილი წილები (30-30%) ხელისუფლების მაღალჩინოსნების მუქარის ქვეშ, იძულებით გააყიდვინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG