Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლოში მითხრეს, აიღე შენი მტკიცებულებები და დაახვიე აქედანო - ინტერვიუ დავით დვალთან


ორწლიანი პროცესის შემდეგ, 2021 წლის 8 დეკემბერს, საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს კომპანიის დაბრუნებაზე და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში დატოვა. 

აქიმიძე და დვალი წლებია ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ 2004 წელს, მათ კომპანიის კუთვნილი წილები (30-30%) ხელისუფლების მაღალჩინოსნების მუქარის ქვეშ, იძულებით გააყიდვინეს. დღეს მოსამართლე გოჩა დიდავამ თქვა, რომ ქიბარ ხალვაში კეთილსინდისიერი შემძენია. თავად ხალვაში 2014 წელს ამ საქმეზე მიცემულ ჩვენებაში ამბობდა, რომ „რუსთავი 2“-ის წილები ყოფილი იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების, ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის დავალებით იყიდა. ამავე ჩვენებით, „რუსთავი 2“-ის გაყიდვის პროცესში მონაწილეობდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელთანაც ხალვაში მეგობრობდა, პროცესების შესახებ ინფორმირებული იყო მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დამფუძნებლებს ერთი თვე აქვთ - აპირებენ თუ არა ისინი ამ ხანგრძლივი პროცესის გაგრძელებას, რისი იმედი რჩებათ და რატომ თვლიან ამ საქმეს პრინციპული მნიშვნელობის მქონედ - რადიო თავისუფლება დავით დვალს ესაუბრა.

რა მოლოდინი გქონდათ დღევანდელი სასამართლო პროცესისგან?

რაც დღეს სასამართლომ გამოგვიცხადა, სრულიად მოულოდნელი იყო, სიურპრიზი. მიუხედავად იმისა, რომ ოპტიმიზმი ნაკლები გვქონდა, იმ პასუხით, რაც სასამართლომ გვითხრა, სახტად დაგვტოვა. ყველაფერს ველოდით იმის გარდა, რაც მივიღეთ. მოსამართლემ გვითხრა, რომ ქიბარ ხალვაში არის კეთილსინდისიერი შემძენი და 2004 წელს მომხდარი ამბები, რის შედეგადაც ჩვენგან ძალით წაიღეს ტელევიზია, კანონიერად მოხდა და არანაირი დარღვევა არ ყოფილა.

როგორ ჩაითვალა ქიბარ ხალვაში კეთილსინდისიერ მყიდველად?

დღეს ფაქტობრივად შესრულდა 9 წელი, რაც ჩვენ დავიწყეთ სამართლებრივი დავა. ამ საქმეზე სარჩელი პროკურატურაში ზუსტად 2012 წლის დეკემბერში შევიტანეთ. მას შემდეგ, რაც არჩევნებით შეცვლილმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კურსი აიღო სამართლიანობის აღდგენისკენ და ყველას, ვინც თვლიდა თავს უკანონოდ დაჩაგრულად, უთხრა, მიემართათ პროკურატურისთვის და მოეთხოვათ გამოძიება. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველები, ვინც დავავლეთ ხელი ქაღალდებს, შევავსეთ ეს მოთხოვნები და მივიტანეთ პროკურატურაში. ამ 9 წლის განმავლობაში ჩვენ დღეს პირველად გვიპასუხეს კონკრეტული პასუხით იმაზე, რაზეც ვდაობთ. დღეს ჩვენ მოსამართლემ გვითხრა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო.

ამ 9 წლის განმავლობაში, როცა ჩვენ უშედეგოდ დავრბოდით ინსტანციიდან ინსტანციაში, პროკურატურიდან ექსპერტიზებზე და ბევრ სხვა რამეზე, და ვცდილობდით სამართლიანობის დადგენას, მოხდა საინტერესო რამ. ადამიანმა, რომელმაც 2004 წელს იმ ხელისუფლების პატრონაჟით და დავალებით წაიღო ჩვენგან ტელევიზია, კვლავ დაიბრუნა ტელევიზია ამ ხელისუფლების პირობებში. ფაქტობრივად, ქიბარ ხალვაშის ხელით მეორედ აგვაცალა ხელისუფლებამ ტელევიზია.

სასამართლო, რომელიც ქიბარ ხალვაშის დავის საფუძველზე დაიწყო, ფაქტობრივად „ბლიცკრიგი” იყო: წელიწად-ნახევარში სამი ინსტანცია გაიარა პროცესმა და სასამართლოს არ ჰქონია პრობლემა, დაესაბუთებინა, რომ ყველა, ვინც იყო მის შემდეგ იმ უგრძეს ჯაჭვში ტელევიზიის მფლობელი, იყო უკანონო მფლობელი და მხოლოდ ქიბარ ხალვაში იყო კეთილსინდისიერი შემძენი. ეს მაშინ, როცა ჩვენ პროკურატურამ დაზარალებულად გვცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს დამნაშავეც. თავად ქიბარ ხალვაშიც, საჯაროდ, ხან 50% პროცენტ წილს და მენეჯმენტს გვთავაზობდა, ხან 40%-ს… შემთხვევით გამვლელს ხომ არ სთავაზობენ კომპანიების წილს. ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ თვითონაც ხვდებოდა, რომ რაღაც პრობლემაა აქ და მთლად კარგად ვერ არის საქმე. თავის ჩვენებაში ხალვაში ყვება, რომ ორი ძალოვანი მინისტრი იყო [ჩართული] ამ საქმეების მოგვარებაში, მხოლოდ ეს გარემოება არის საკმარისი იმისთვის, რომ გაბათილდეს ამგვარი გარიგება.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ თქვენ თქვით, რომ ამ გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებთ. რა არის ყველაზე რთული ამ ხანგრძლივ დავაში?

გულწრფელად რომ ვთქვა, ამ დროის განმავლობაში მივხვდი, რომ ემოციურად ამაზე არ უნდა ვიფიქრო, სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა. ჯერ [იყო] ის ძალიან სერიოზული ტრავმა, რაც წინა ხელისუფლების დროს მივიღეთ, როცა ხვდები, რომ შენი ხელისუფლება უკანონოდ გექცევა, და მერე, 2012 წელს ეს ჭრილობები ფაქტობრივად თავიდან გაიხსნა. მალევე აღმოჩნდა ისიც, რომ იმედები, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ გაგვიჩინა, ცრუ აღმოჩნდა. 2015 წელს ჩვენ პროკურატურამ დაზარალებულად გვცნო, რაც ნიშნავს იმას, რომ არსებობს ვიღაც, ვინც დაგვაზარალა. ჩვენ გაგვიჩნდა იმედი, რომ დაასახელებენ, ვინც ჩაიდანა დანაშაული - მთელი ამოცანა პროკურატურის გამოძიების ეს იყო და პროკურატურამ ეს არ გააკეთა.

მე უკვე ვიცი, რომ სახელმწიფოს არ უნდა სამართლიანობის აღდგენა, ვიცი, რომ ეს სისტემა ყველაფერზე წავა, რომ ჩვენ არ დავიბრუნოთ ჩვენი წართმეული უფლებები და ამ პროცესს ვუყურებ როგორც ბრძოლას, სადაც სხვადასხვა ეტაპებია გასავლელი და რომელშიც ბოლომდე უნდა მივიდე. რა თქმა უნდა, ყველა ეტაპის მერე ნაკლები ოპტიმიზმია, გულწრფელად რომ ვთქვათ, მაგრამ ვიცი ისიც, რომ ვერ მოვისვენებ, სანამ ამ ამბავს წერტილი არ დაესმება. სანამ არ ამოიწურება ყველა სამართლებრივი მექანიზმი, რომ რაღაც დროის მერე არ ვიფიქრო, რომ არსებობდა შესაძლებლობა, რომელიც არ გამოვიყენე.

თქვენ თქვით, რომ პროკურატურისგან ელოდებოდით დამნაშავის დასახელებას - ვინ არის ეს? ქიბარ ხალვაში?

არა, ამ საქმეში ჩანს, რომ ხალვაში იყო შემსრულებელი პაიკი, რომელსაც დაავალეს, ეყიდა ეს წილები. ის იყო თანამონაწილე ამ დანაშაულის და არაკეთილსინდისიერი მყიდველი, მაგრამ არა მთავარი დამნაშავე. პროკურატურას ალბათ უნდა დაესახელებინა ის ძალოვანი მინისტრები, ვინც ამ პროცესს მართავდნენ, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

როგორი წარმოგიდგენიათ „რუსთავი 2“, რომლის საკონტროლო პაკეტიც თქვენ და ჯარჯი აქიმიძეს გაქვთ?

იმდენჯერ მქონდა ეგ აზრი, რამდენი იმედიც გაჩნდებოდა... მაგრამ იმდენად გამისრისეს ეს ფიქრები თუ ოცნებები, იმაზე, რა უნდა იყოს „რუსთავი 2“ და იმდენად მხოლოდ პრინციპის საკითხი გახდა ეს დავა, რომ ამაზე აღარ ვფიქრობ.

თუ გამოჩნდება გვირაბის ბოლოს სინათლე ამ დავაში, ალბათ ისევ დავიწყებ ფიქრს ამაზე. ახლა ამაზე ლაპარაკი ძალიან მტკივნეული და კომიკური იქნება ჩემი მხრიდან, როცა დღეს მითხრეს სასამართლოში, აიღე შენი მტკიცებულებები და დაახვიე აქედანო. სულ გაწბილებაა. დაწყებული იმ დროიდან, რაც სარჩელი შევიტანეთ. ერთი წელი იყო ოპტიმიზმი და შემდეგ გაჩნდა გაწბილების პირველი ნიშნები. ეს პირველი ნიშნები, იცით, რა იყო? არა ის, რომ საქმის წარმოება შენელდა, დავინახეთ ხელისუფლების დამოკიდებულება მედიის მიმართ, რომელიც ისეთი ჯანსაღი არ იყო, როგორი მოლოდინიც გვქონდა.

თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ორი კაცის ქონებრივი დავა - ეს არის თავისუფალი მედიისთვის დავა.

მეტსაც გეტყვით, ეს საქმე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია იმაზე პასუხის გასაცემად, ვართ თუ არა სახელმწიფო, ნორმალური სახელმწიფო. ეს საქმე არის კლასიკური მაგალითი, როგორ შეიძლება აბურთაოს ჯერ ერთმა ხელისუფლებამ, მერე მეორე ხელისუფლებამ ხალხი, ადამიანის უფლებები არაფრად აქციოს. ერთმა ძალადობით, მეორემ მოტყუებით, „შულერობით” - ბოდიში ამ ტერმინებისთვის, მაგრამ სხვა ამას არაფერი არ ქვია, რაც ჩაატარა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ამ ტელევიზიასთან დაკავშირებით: დაწყებული იმით, რომ ცრუ იმედები შეგვიქმნა, გაგრძელებული იმით, რომ ქიბარ ხალვაშს ვითომ მოლაპარაკებები ჰქონდა ჩვენთან, რომ ვითომ რაღაცეებს გვიყოფდა. საბოლოო ჯამში, „გამთეთრებლის როლს” გვთავაზობდნენ, 40%-ს, რაც ნიშნავდა, რომ არანაირი ბერკეტი არ მექნებოდა კომპანიაზე, უბრალოდ მფლობელი ვიქნებოდი და ამას დაერქმეოდა სამართლიანობის აღდგენა. ეს იყო ყველაზე მიუღებელი და შეურაცხმყოფელი, რასაც მთავაზობდნენ. რაღაც ატრიბუტის და დეკორაციის როლი ვითამაშო პროცესში, რომელსაც დაერქმეოდა სამართლიანობის აღდგენა.

ეს საქმე ფაქტობრივად ლაკმუსის ქაღალდია. შეიძლება ხმამაღლა გამომდის, ან ჩემ თავს რომ ხდება, იმიტომ მგონია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ლაკმუსის ქაღალდია. მარტივი ტესტია. ჩვენ გვაქვს პრობლემები სასამართლოში, ძალაუფლების შტოების დაყოფაში, პრობლემები ჩრდილოვანი მმართველობის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG