Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერჰარდ შრიოდერი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ტოვებს


გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი. 2018 წელი
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი. 2018 წელი

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო კორპორაციის, „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ტოვებს.

მასთან ერთად საბჭოდან გადის გერმანელი ბიზნესმენი მათიას ვარნიგი, „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მილსადენის ოპერატორი კომპანიის დირექტორი.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „შეუძლებელი გახდა კომპანიის დირექტორთა საბჭოში მათი უფლებამოსილების გაგრძელება“. ამ გადაწყვეტილების მიზეზზე განცხადებაში არაფერი წერია.

კომპანია მათ მადლობას უხდის ერთგული „მხარდაჭერისთვის“.

შრიოდერი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც. ამის გამო ის მძაფრად გააკრიტიკეს გერმანიაში და უცხოეთში.

19 მაისს ევროპარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სანქციები დაუწესონ შრიოდერს, თუ ის არ დატოვებს რუსეთში თავის თანამდებობებს. შრიოდერი ასევე თავმჯდომარეობს Nord Stream AG-ის - „ჩრდილოეთის ნაკადის“ ოპერატორი კომპანიის აქციონერთა კომიტეტს. კომპანია ოფიციალურად რუსეთს არ ეკუთვნის.

მათიას ვარნიგი, რომელიც შრიოედერთან ერთად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მეგობრად ითვლება, აშშ-ის სანქციების სიაშია შეყვანილი.

შრიოდერი არ არის ევროპიდან ერთადერთი ყოფილი პოლიტიკოსი, რომელიც რუსეთის სახელმწიფო კომპანიებში მსახურობდა.

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი რუსეთის სახელმწიფო კომპანია „ზარუჰეჟნეფტის“, ასევე „სიბურის“ ზედამხედველთა საბჭოს წვერი იყო.

ფიიონმა თანამდებობები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მალევე დატოვა.

XS
SM
MD
LG