Accessibility links

site logo site logo

საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების დოკუმენტს მოეწერა ხელი


ლორა კუპერისა და ჯუანშერ ბურჭულაძის შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. 20 მაისი, 2022 წელი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები (BDC) მიმდინარეობს.

საქართველოს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის დელეგაცია სტუმრობს, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერი ხელმძღვანელობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრაზე, აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და უსაფრთხოების გარემოს შესახებ იმსჯელეს.

„მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები განიხილეს. აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ახალ საფეხურად და მომავალი ათწლიანი დინამიური თანამშრომლობის საფუძვლად განიხილება აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული ახალი ინიციატივა თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობას კიდევ უფრო განამტკიცებს“, - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თავდაცვის სფეროში ორმხრივ კონსულტაციებს წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, ლორა კუპერი თანათავმჯდომარეობდნენ.

კონსულტაციების დასრულების შემდეგ, მათ აშშ-საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის ორმხრივ კონცეფციას მოაწერეს ხელი.

ჩარჩო დოკუმენტი მიზნად ისახავს, განსაზღვროს ორმხრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ახალი ინიციატივის მიმართულებები მომავალი წლებისთვის. ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა საერთო ღირებულებების დაცვისა და საერთო უსაფრთხოების ინტერესების გაძლიერებისთვის“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

19 მაისს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხზე რადიო თავისუფლებასთან ისაუბრა თბილისში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა დერეკ შოლემ.

კითხვაზე, ხდება თუ არა რაიმე განსაკუთრებული თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის უკრაინაში ომის კონტექსტში, შოლემ განაცხადა, რომ სპეციფიკური არაფერი.

"მომდევნო დღეებში ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი კონსულტაციები თავდაცვის საკითხებზე აქ, თბილისში, ვაშინგტონიდან - პენტაგონიდან ჩამოსულ კოლეგებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებს შორის. თავდაცვის მინისტრ ოსტინს ჰქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი საქართველოში გასული წლის ოქტომბერში და გვსურს, გავაგრძელოთ თანამშრომლობა.

მინდა ვიყო ძალიან მკაფიო, რომ აშშ-ს და არავის სურს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის კონფლიქტის გავრცობა აქ, საქართველოზე. ეს საერთოდ არ გვსურს. აშშ ძალიან ეცადა თავიდან აეცილებინა რუსეთის უკრაინაში შეჭრა ამ წლის დასაწყისში, გასულ წელს. რუსეთს არ გამოუხატავს არანაირი ინტერესი, მიჰყოლოდა შინაარსიან დიპლომატიას, რომლის ნაცვლადაც აირჩია უკრაინაში უკანონო შეჭრის კურსი და არაპროვოცირებული თავდასხმა მასზე. ვთვლით, რომ ყველა ჩვენგანის ვალია, გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის დასასჯელად", - განაცხადა მან.

.

საქართველოში მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა თავის ქართველ კოლეგასთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, 2021 წლის 18 სექტემბერს გამოაცხადა „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“, რომელსაც ლოიდ ოსტინმა უწოდა „ამაღელვებელი ახალი ფაზა“ უსაფრთხოების ორმხრივ თანამშრომლობაში.

„ჩვენ ნამდვილად გამოვიყენებთ ბაზად საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას და გავაგრძელებთ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის სექტორში, გავაძლიერებთ შესაძლებლობებს და უნარს, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი შეკავებისა და თავდაცვისათვის“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.


მაშინ დეტალების შესახებ ერთობლივ პრესკონფერენციაზე არ უსაუბრიათ, თუმცა თბილისში გაფორმებული მემორანდუმის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გაავრცელა გამოცემა„ვაშინგტონ პოსტმა“. გამოცემის თანახმად, ახალი პარტნიორობის პროგრამა, წინა პროგრამის 3 წლის ნაცვლად, გასტანს 6 წელიწადს და ტერიტორიული თავდაცვის საკითხების გარდა, „იგი შეიძლება ასევე განვითარდეს იმ მიმართულებით, რასაც ოფიციალური პირები რუსეთიდან მომავალ ჰიბრიდულ საფრთხეებს უწოდებენ“, - წერდა „ვაშინგტონ პოსტი“ სტატიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG