Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ფინეთს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა


ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია Gasgrid Finland-მა განაცხადა, რომ დღეს, 21 მაისს ქვეყანაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა, თუმცა მიწოდების სისტემა ამჟამად დაბალანსებულია.

„ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენ ყურადღებით ვემზადებოდით ამ სიტუაციისთვის და იმ პირობით, რომ არ იქნება შეფერხებები გაზის გადამცემ ქსელში, ჩვენ შევძლებთ ჩვენს ყველა მომხმარებელს მივაწოდოთ გაზი უახლოეს თვეებში“, - განაცხადა Gasum-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მიკა ვილიანენმა განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთს ომის გამო სანქციები დაუწესეს, რუსეთმა თქვა, რომ „არამეგობრულმა“ ქვეყნებმა გაზის საფასური რუსული ვალუტის გამოყენებით უნდა გადაიხადონ, რასაც ევროკავშირი შანტაჟად მიიჩნევს.

ევროპული მიწოდების კონტრაქტების უმეტესობა დენომინირებულია ევროში ან დოლარში და მოსკოვმა უკვე შეუწყვიტა გაზი ბულგარეთსა და პოლონეთს გასულ თვეში მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს გადახდის ახალი პირობების შესრულებაზე.

ფინურმა კომპანია Gasum-მა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არ ეთანხმება Gazprom Export-ის მოთხოვნას, ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, არ განახორციელებს გადახდებს რუბლში.

ასევე მოსკოვმა გააფრთხილა ფინეთი, რომ ნატოში გაწევრიანების ნებისმიერი განაცხადი იქნება „მძიმე შეცდომა შორსმიმავალი შედეგებით“. ფინეთმა კი 15 მაისს ოფიციალურად გამოაცხადა ნატოში გაწევრიანების განზრახვის შესახებ, როგორც შეთანხმებული გადაწყვეტილება მთავრობასა და პარლამენტს შორის.

გასულ კვირას რუსეთმა ფინეთს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყვიტა.

XS
SM
MD
LG