Accessibility links

site logo site logo

სერგეი ლოზნიცა: "შევინარჩუნოთ საღი აზრი და დავიცვათ კულტურა"


უკრაინის კინოაკადემიიდან გარიცხულმა რეჟისორმა, სერგეი ლოზნიცამ, რომლის ფილმის პრემიერა 23 მაისს უნდა გაიმართოს კანის კინოფესტივალზე, რუსული კულტურის აკრძალვის მოთხოვნას სიგიჟე და უზნეობა უწოდა. „როგორ შეიძლება აიკრძალოს ენა, რომელზეც ლაპარაკობს 350 მილიონი ადამიანი მთელ მსოფლიოში?" - იკითხა მან საფრანგეთის კულტურის (France Culture) ჯილდოს მიღების შემდეგ.

სერგეი ლოზნიცამ ვრცელ სიტყვაში კრიტიკულად ისაუბრა რუსული კულტურის ბოიკოტირების მოთხოვნაზე, რაც თავის მხრივ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ გაჩნდა.

ლოზნიცა უკრაინის კინოაკადემიიდან მიმდინარე წლის მარტში გარიცხეს.

„რეჟისორმა არაერთხელ აღნიშნა, რომ თავს კოსმოპოლიტად, "მსოფლიოს ადამიანად" მიიჩნევს. თუმცა, ახლა, როცა უკრაინა იბრძვის დამოუკიდებლობისათვის, ყოველი უკრაინელის რიტორიკაში უმთავრესი უნდა იყოს მისი ეროვნული იდენტობა. შეუძლებელია აქ რამე კომპრომისის დაშვება“, - ასე განმარტა თავისი გადაწყვეტილება უკრაინის კინოაკადემიამ.

ჯილდოს მიღების შემდეგ რეჟისორმა მადლობა გადაუხადა სანდრინ ტრენიეს და მის კოლეგებს France Culture-დან როგორც მისი კინონამუშევრების მაღალი შეფასებისთვს, ასევე მისი შეხედულებებისა და პოზიციის მხარდაჭერისთვის.

სერგეი ლოზნიცა ჯილდოს მიღებისას
სერგეი ლოზნიცა ჯილდოს მიღებისას


„ყველა ჩვენგანისთვის კულტურა ცხოვრების საქმეა და დღეს ჩვენ ყველანი აღმოვჩნდით ფრონტის ხაზზე. ერთ მხარეს არიან ისინი, ვისაც უნდა რუსული კინოს აკრძალვა და, საერთოდ, მთელი რუსული კულტურის სრული „გაუქმება“. მეორე მხარეს კი, ვინც კულტურის ტოტალური ბოიკოტის წინააღმდეგია. უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყებისთანავე, მე გამოვედი რუსული კინოს სრული აკრძალვისა და რუსული კულტურის ბოიკოტის წინააღმდეგ. ამას ჩემმა ზოგიერთმა თანამემამულემ უპასუხა ჩემი ფილმების ბოიკოტირების მოთხოვნით - კერძოდ, ფილმების, რომლებიც მიმდინარე და წარსულ ომებზეა - "დონბასი", "მაიდანი", "ბაბი იარი". საოცარია, რომ რამდენიმე წლის წინ იგივე ფილმები - "დონბასი" და "მაიდანი" უკვე აკრძალული იყო ტოტალიტარულ რუსეთში ფსბ-ს ბრძანებით. დღეს უკრაინელი "აქტივისტები" ითხოვენ ამ ფილმების ჩვენების გაუქმებას დემოკრატიულ ევროკავშირში. სინანულით უნდა განვაცხადო, რომ ზოგიერთ საკითხში მათი პოზიცია ემთხვევა რუსეთის ფსბ-ს პოზიციას“.

სერგეი ლოზნიცა
სერგეი ლოზნიცა

სერგეი ლოზნიცამ სინანული გამოთქვა იმის გამოც, რომ ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა კანის ფესტივალი, რომელსაც, მისი თქმით, 75-წლიანი ისტორიის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მიმართა კინოს სახელმწიფო უწყებამ, პროგრამიდან ამოეღოთ თავისივე ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაღებული ფილმი.

„ეს მოხდა 1969 წელს ანდრეი ტარკოვსკის ფილმის "ანდრეი რუბლიოვის" შემთხვევაში“, განაცხადა სერგეი ლოზნიცამ და იქვე დასძინა, რომ წელს მსგავსი ამბავი განმეორდა მის ფილმთან ("განადგურების ბუნებრივი ისტორია") დაკავშირებით, რომლის პრემიერა 23 მაისს უნდა გაიმართოს.

„ფილმი ეხება პრობლემას, რომელიც კვლავ საშინლად აქტუალური გახდა იმ ომში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში: შეიძლება თუ არა მშვიდობიანი მოსახლეობის და ადამიანის საარსებო სივრცის ომის რესურსად გამოყენება? ირკვევა, რომ უკრაინული კინოს მხარდამჭერი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ეს პრობლემა არ აწუხებთ. მათ მხოლოდ ის აწუხებთ, რომ უკრაინის მოქალაქემ გაბედა უმრავლესობის აზრის საწინააღმდეგო აზრის გამოხატვა. ისინი აწარმოებენ ომს საკუთარ, განსაკუთრებულ, ფრონტზე - არა იქ, სადაც წყდება ევროპის, თანამედროვე ცივილიზაციის და, შესაძლოა, მთელი კაცობრიობის ბედი, არამედ იქ, სადაც სახელმწიფოს მშენებლობა კულტურების ომით იცვლება, სადაც საკუთარი ისტორიის ცოდნა მითების შექმნით იცვლება, სადაც სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება მტრის პროპაგანდად არის გამოცხადებული.

ომის სამი თვის მოვლენები და ის აგრესია, რომელსაც დაექვემდებარნენ და ექვემდებარებიან არა მხოლოდ გარკვეული კულტურული დაწესებულებები: მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები, გალერეები, არამედ თავად ავტორები - რეჟისორები, მსახიობები, დირიჟორები, მხატვრები, მუსიკოსები, - რეფლექსიასა და სერიოზულ დისკუსიას მოითხოვს. უნდა გავიგოთ: რა ხდება? და ვის სჭირდება ეს?“, - განაცხადა სერგეი ლოზნიცამ, რომელმაც კულტურის აკრძალვის მოთხოვნა შეადარა ენის აკრძალვას, რომელიც, მისი თქმით, იმდენად უზნეობაა, რამდენადაც სიგიჟეა:

„როგორ შეიძლება აიკრძალოს ენა, რომელზეც ლაპარაკობს 350 მილიონი ადამიანი მთელ მსოფლიოში? მე მოგმართავთ ახლა ჩემს მშობლიურ ენაზე, რომელზეც ბავშვობიდან ვლაპარაკობ ჩემს მშობლიურ ქალაქში, კიევში. ამ ენაზე საუბრობს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებიდან ლტოლვილთა უმეტესობა. ამავე ენაზე კუნძულ ზმეინის გმირმა დამცველებმა აუხსნეს რუს აგრესორებს, სად უნდა წასულიყვნენ. თანამედროვე უკრაინა მრავალეროვნული და მულტიკულტურული ქვეყანაა. რუსულენოვანი კულტურის ბოიკოტის მოთხოვნა, რომელიც უკრაინის მიღწევა და სიმდიდრეც არის, არქაული და დესტრუქციული ხასიათისაა თავისი ბუნებით. მეტიც, ის ძირეულად ეწინააღმდეგება კულტურული პლურალიზმისა და გამოხატვის თავისუფლების ევროპულ პრინციპებს. იმის ნაცვლად, რომ რუსული ენა, ქვეყნის მოქალაქეების 30 პროცენტის მშობლიური ენა, უკრაინის სამსახურში ჩააყენონ და მისი საშუალებით მომხდარ საშინელ ომზე სიმართლე ითქვას, "კულტურული აქტივისტები" წელში წყდებიან უაზრო, სიზიფური შრომისგან - გაანადგურონ ის, რისი განადგურებაც შეუძლებელია.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ "კულტურაში" ეს ხალხი გულისხმობს ცალკეული ნაწარმოებების მარტივ ჯამს - ფილმებს, რომანებს, პიესებს, ნახატებს და ა.შ. მაგრამ ეს ასე არ არის.

კულტურა არის ადამიანის მოღვაწეობა მისი ყველაზე მრავალფეროვანი გამოვლინებით, ეს არის ჩვენი ცხოვრების რიტუალები და პრაქტიკა, ეს არის ადამიანის თვითშემეცნებისა და თვითგამოხატვის ფორმები და მეთოდები, ეს არის ჩვენი მეხსიერება და მისი შენარჩუნებისა და რეპროდუქციის პრაქტიკა. ბოლოს და ბოლოს, კულტურა განვითარებაა.

როგორ შეიძლება ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლა? როგორ შეიძლება ამჟამინდელი რუსული რეჟიმის (ფაქტობრივად, ბოლო ასი წლის განმავლობაში რუსეთში სხვა რეჟიმები არც არსებობდა ბოროტი რეჟიმების გარდა) მიერ ჩადენილი სისასტიკის გაიგივება იმ რუსი ავტორების - ხშირ შემთხვევაში გარიყული და თითქმის ყოველთვის თავიანთი უბედური სამშობლოს მგლოვიარე წინასწარმეტყველების - ნამუშევრებთან, რომლებიც იქცნენ მსოფლიო კულტურის ნაწილად და, შესაბამისად, მთელი კაცობრიობის საკუთრებად? როგორ შეიძლება იმ ბარბაროსობის საპასუხოდ, რომელსაც პუტინის რეჟიმი ახორციელებს რუსი ვანდალების ხელით უკრაინაში, მოვითხოვოთ განადგურება ან გაუქმება იმისა, რაც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ბარბაროსობას? ამაში არანაირი ლოგიკა და აზრი არ არის“.

სერგეი ლოზნიცა, 2019 წ.
სერგეი ლოზნიცა, 2019 წ.


ვრცელი სიტყვის ბოლოს უკრაინელმა რეჟისორმა გაიხსენა ფრანგი ფილოსოფოსის რენე ჟირარის ციტატა:

„მხოლოდ ის ადამიანი, ვინც ხელს გვიშლის სურვილის დაკმაყოფილებაში, შეიძლება იქცეს ნამდვილი სიძულვილის ობიექტად. ვისაც სძულს, პირველ რიგში თავისი თავი სძულს და თავისი ამ სიძულვილის უკან ჩქმალავს ფარულ თაყვანისცემას. ცდილობს რა სხვებისგან და საკუთარი თავისგან დამალოს ეს სასოწარკვეთილი აღფრთოვანება, ის უარს ამბობს თავის წარმოსახვაში, დაბრკოლების გარდა, სხვა რამის დანახვაზე. ამრიგად, მოდელის მეორეხარისხოვანი როლი გამოდის წინა პლანზე და მთლიანად ფარავს თავდაპირველ როლს, რომელიც შედგებოდა მისი რელიგიური მიბაძვისგან“.


„რა ხდება ჩვენს თავს? რა ემართება კულტურას?“ - ამ კითხვების პასუხად სერგეი ლოზნიცამ თქვა:

„მჯერა, რომ კონსტრუქციული და ღრმა დისკუსიის დახმარებით და არა სხვადასხვა აკრძალვის ულტიმატუმური პოსტულირებით შეიძლება გაგების მიღწევა. და თუ ჩვენ ვსაუბრობთ კინოზე, მაშინ მეჩვენება, რომ ევროპის კინოაკადემია შეიძლება გახდეს პლატფორმა საერთოევროპული კონფერენციისთვის ფილოსოფოსების, ანთროპოლოგების, კინოისტორიკოსების, კულტუროლოგების, კინოკრიტიკოსების, რეჟისორებისა და სცენარისტების მონაწილეობით, რათა განხილულ იქნეს ეს ძალიან სერიოზული პრობლემა.

შტეფან ცვაიგი თავის მოგონებებში იხსენებს პირველი მსოფლიო ომის ატმოსფეროს: "საფრანგეთი და ინგლისი" "დაიპყრეს" ვენასა და ბერლინში, რინგშტრასესა და ფრიდრიხშტრასეზე, რაც ბევრად უფრო იოლი იყო. მაღაზიების თავზე უნდა გამქრალიყო ინგლისური, ფრანგული წარწერები, მონასტერი „ანგელოზ ქალწულებთანაც" კი იძულებული გახდა შეეცვალა სახელი, რადგან ხალხი აღშფოთებული იყო იმის გამო, რომ "ანგელოზში" ხედავდნენ არა ანგელოზებს, არამედ არა ანგლო-საქსებს. მიამიტი, საქმიანი ადამიანები კონვერტებზე აკრავენ შტამპებს სიტყვებით "უფალო, დაისაჯე ინგლისი!". მაღალი წრის ქალები იფიცებდნენ, რომ ფრანგულად ერთ სიტყვასაც კი არ იტყოდნენ. შექსპირი ამოიღეს გერმანული თეატრიდან, მოცარტი და ვაგნერი - ფრანგული და ინგლისური მუსიკის დარბაზებიდან, გერმანელმა პროფესორებმა დანტე გამოაცხადეს გერმანელად, ფრანგმა პროფესორებმა - ბეთჰოვენი ბელგიელად. დაუფიქრებლად ითხოვდნენ მტრის ქვეყნების სულიერი მემკვიდრეობის რეკვიზიციას ისე, როგორიც მარცვლეულისას ან მადნისას. არ კმაყოფილდებოდნენ იმით, რომ ყოველდღიურად ამ ქვეყნების ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ხოცავდა ერთმანეთს ფრონტზე, მტრული ქვეყნების ზურგში ისინი ლანძღავდნენ და ცილს სწამებდნენ ერთმანეთის დიდ მიცვალებულებს, რომლებიც მშვიდად განისვენებდნენ თავიანთ საფლავებში ასობით წლის განმავლობაში.

ეს არაფერს გახსენებთ?

ბედმა მაჩუქა რამდენიმეწლიანი მეგობრობა დიდ ირინა ვეისაიტთან, კაუნასის გეტოდან გამოქცეულ ლიტველ ებრაელთან, თეატრმცოდნეობის პროფესორსა და გერმანული ლიტერატურის სპეციალისტთან, ჯორჯ სოროსის თანამოაზრესა და ლიტვაში გამოჩენილ საზოგადო მოღვაწესთან. ერთხელ ირენამ გაიხსენა, რომ გეტოში მან და მისმა მოზარდმა მეგობრებმა მოაწყვეს გერმანული პოეზიის მიწისქვეშა წრე. საღამოობით ფარულად იკრიბებოდნენ და ერთმანეთს გოეთეს, ჰაინეს, შილერის ლექსებს უკითხავდნენ. "მაგრამ ეს როგორ? თქვენ გარშემო ხომ ყოველდღე ისმოდა გერმანელი ჯალათების ლაპარაკი?" წამოვიძახე მე. ირენამ გაოცებულმა შემომხედა: - კი, მაგრამ ამას რა კავშირი ჰქონდა გოეთესთან?!

ცოტას მიეცა სულიერი სიბრძნის ასეთი ნიჭი, მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ მიაღწიონ ასეთ ადამიანურობას, მხოლოდ ნამდვილ გმირებს აქვთ კეთილშობილების უნარი. მაგრამ თითოეული ჩვენგანი, კულტურის ხალხი, ვალდებულია, ძალისხმევით შევეწინააღმდეგოთ ბარბაროსობის ნებისმიერ გამოვლინებას. ხშირად მეკითხებიან - რა უნდა გააკეთოს ხელოვანმა ომის დროს? ჩემი პასუხი მარტივია - შევინარჩუნოთ საღი აზრი და დავიცვათ კულტურა“.


23 მაისს კანის კინოფესტივალზე შედგება სერგეი ლოზნიცას დოკუმენტური ფილმის „განადგურების ბუნებრივი ისტორიის“ პრემიერა. ფილმი დამონტაჟდა მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპის ქალაქების დაბომბვის შესახებ საარქივო მასალებიდან.

დაწერეთ კომენტარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG