Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ადასტურებს უკრაინის ქალაქ ენერგოდარის "მერზე" თავდასხმას


უკრაინის ქალაქი ენერგოდარი. 2022 წლის მარტი
უკრაინის ქალაქი ენერგოდარი. 2022 წლის მარტი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ დაწყებულია ქალაქ ენერგოდარის „მერზე“, ანდრეი შევჩიკზე თავდასხმის გამოძიება. საგამოძიებო კომიტეტი, რომლის ოფიციალური განცხადება 22 მაისს, ღამით გაავრცელეს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა, ბრალს სდებს „უკრაინელ ნაციონალისტებს“.

შევჩიკი და მისი ორი მცველი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, 22 მაისს მომხდარი აფეთქების შედეგად დაიჭრნენ. წინასწარი ინფორმაციით, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო ელექტროგაყვანილობის დამცავ კარადაში. რუსული სააგენტოების თანახმად, შევჩიკი ქალაქ მელიტოპოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აფეთქების შესახებ 22 მაისს, დღისით, ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით, ტელეგრამ-არხზე დაწერა ენერგოდარის ლეგიტიმურმა მერმა, დმიტრო ორლოვმა.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქი ენერგოდარი მარტში დაიკავეს. რუსეთმა „მერად“ დანიშნა ენერგოდარის საქალაქო საბჭოს ყოფილი წევრი პრორუსული პარტიიდან, „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“, ანდრეი შევჩიკი. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, 2022 წლის მარტში, უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭომ „ოპოზიციური პლატფორმის“ საქმიანობა შეაჩერა.

ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს ევროპაში უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG