Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში რუსული არმიის დანაკარგი ავღანეთში 9-წლიან დანაკარგს უტოლდება


რუსეთის არმიის განადგურებული ტანკების და სხვა ტექნიკის გროვა კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში. 2022 წლის 16 მაისი
რუსეთის არმიის განადგურებული ტანკების და სხვა ტექნიკის გროვა კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში. 2022 წლის 16 მაისი

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყებიდან სამ თვეში, რუსეთის მხრიდან დაღუპულების რიცხვი ავღანეთში საბჭოთა კავშირის 9-წლიანი ომის დროს დაღუპულთა რიცხვის მსგავსია.

ოფიციალური მონაცემებით, 9 წლის განმავლობაში, ავღანეთში დაიღუპა საბჭოთა კავშირის არმიის და სასაზღვრო და შსს-ს ძალების 15 ათასზე მეტი მოსამსახურე.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით, უკრაინაში რუსეთის დიდი დანაკარგების მიზეზებად ასახელებს ცალკეული ქვედანაყოფების დონეზე ცუდ ტაქტიკურ მომზადებას, მეთაურების მიერ შეცდომების გამეორებას და გაღრმავებას და ჰაერიდან არასაკმარის მხარდაჭერას.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებითვე, უკრაინაში დანაკარგების შემდგომი ზრდა რუსეთის საზოგადოებისთვის სულ უფრო ცხადი გახდება, რამაც შესაძლოა, გაზარდოს ომით გამოწვეული უკმაყოფილების გამოხატვა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ 22 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან რუსული არმიის დანაკარგი 29 000-ს აჭარბებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ერთხელ, მარტის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინაში დაღუპულია 1351 რუსი სამხედრო. კიევი ომში დაღუპული უკრაინელი სამხედროების რიცხვს არ ასახელებს. რუსეთი მარტის ბოლოს აცხადებდა, რომ მოკლული იყო 14 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო. საომარ პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება ვერ ხერხდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG