Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე ოპოზიციას: ჩამოწერეთ, რა უნდა გაეკეთებინა და არ გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მხარდასაჭერად


ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, დღეს, 23 მაისს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე "რადიკალურ ოპოზიციას" და "მათ უცხოელ ლობისტებს" მიმართა, "არაარგუმენტირებული ბრალდებების ნაცვლად", ჩამოწერონ, რა უნდა გაეკეთებინა და რა არ გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მხარდასაჭერად.

"ვხედავთ, რომ უცხოელებსაც აქვთ უკმაყოფილების განცდა, რაზეც ისინი საჯაროდ თუ ოფიციალურ შეხვედრებზე ხშირად მიგვანიშნებენ. თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტებს ვერც მათგან ვისმენთ. გვაინტერესებს, რატომ ჰგავს მათი და "ნაციონალების" რიტორიკა ერთმანეთს. შესაბამისად, კარგი იქნებოდა, მათაც ჩამოეთვალათ, რა უნდა გაგვეკეთებინა და რა არ გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად. ამ შემთხვევაში, ქართული საზოგადოება უკეთ გაიგებდა, რა არის მათი რეალური სურვილი და განზრახვა.

საჯაროდ დასმულ კითხვებს ჩვენც საჯაროდ ვუპასუხებთ, ჩვენ ვიცით ოპონირების ფასი, უშეცდომო არავინაა და შეიძლება, ჩვენც რაღაც გამოგვრჩა, რაღაც დავაკელით. მოდით და არა ცარიელი სიტყვებით, ფაქტებითა და არგუმენტებით გვესაუბრეთ ჩვენ და საზოგადოებას", - თქვა ირაკლი კობახიძემ და განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლება "საკუთარ ქვეყანას და ხალხს სანქციებს ვერ დაუწესებდა".

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "რადიკალურ ოპოზიციას" სურს "საქართველოს ომში ჩართვა" და ამავდროულად, აწარმოებს კამპანიას იმის შესახებ, რომ მისი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო, ვერ მიიღებს საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსს.

"ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო უკლებლივ ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის მხრიდან.

საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც საქართველოში არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა უნდა. შესაბამისად, მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, ერთხელ მაინც გადადონ გვერდზე საკუთარი მანკიერი, სუბიექტური პოლიტიკური ზრახვები და შეწყვიტონ აგიტაცია-პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ", - თქვა ირაკლი კობახიძემ. გასულ კვირაში მან ამ თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ ის ადამიანები, ვინც "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებენ პოლიტიკური მართლმსაჯულების გამო, მათ შორის ევროპარლამენტარებიც, თავად არიან "ანტიევროკავშირები."

"ნუ იქნებით იმის იმედად, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც მოვლენებს სიღრმისეულად ვერ აანალიზებს ან ემოციებს არის აყოლილი, მძევლად გყავთ აყვანილი. როგორც ხედავთ, ეს მოცემულობა თქვენს პოლიტიკურ წარმატებას მაინც ვერ განაპირობებს", - მიმართა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას.

საქართველოს ხელისუფლება, როგორც ქვეყნის შიგნით სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მხრიდან, ისე ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, არაერთხელ გამხდარა კრიტიკის სამიზნე როგორც უკრაინის მიმართ არასათანადო მხარდაჭერისთვის, ასევე დასავლელი პოლიტიკოსების მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG