Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, 40 წლის ასაკში უკრაინის პატრიოტებად ქცეულებს სათანადო პასუხის გაცემა სჭირდებათ ხოლმე


ირაკლი კობახიძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლების მიმართ თავშეკავებული განცხადებები კეთდება საქართველოს მხრიდან. თუმცა, მისი სიტყვებით, რთულია თავშეკავება, როდესაც უკრაინიდან ესმით, რომ რუს სამხედროებს უნდა ჰქონდეთ საქმე იმასთან, "რასაც ჰქვია ქართველი ქალების და ბავშვების დახოცვა". ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და იმ უკრაინელი პოლიტიკოსების წარსულზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც, მისი თქმით, მანამდე პრორუსული საქმით იყვნენ დაკავებული, „40 წლის ასაკში კი უკრაინის პატრიოტები გახდნენ“.

რაც შეეხება ჩვენს გზავნილებს უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც, სამწუხაროდ, დგამენ ხოლმე არასწორ ნაბიჯებს, რაც შეეხება, ზოგადად, ჩვენს დამოკიდებულებას, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს არის ომის მდგომარეობაში უკრაინა, მისი ხელისუფლების მიმართ ვცდილობთ ვიყოთ მაქსიმალურად თავშეკავებული. მაგრამ ხშირად რთულია არ გამოხატო პოზიცია მაშინ, როდესაც ყოვლად ალოგიკურ გადაწყვეტილებას იღებენ, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, რომ გაჰყავთ ელჩი ქვეყნიდან ან როდესაც აკეთებ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის სამხედროებს უნდა ჰქონდეთ სხვა საქმე, გარდა უკრაინელი ქალებისა და ბავშვების დახოცვისა ანუ უნდა ჰქონდეს საქმე, რასაც ჰქვია, ქართველი ქალების და ბავშვების დახოცვა და არა მარტო კაცების დახოცვა. ამაზე როდესაც საუბრობს მათი უშიშროების საბჭოს მდივანი, როდესაც საქართველოს ომში ჩართვაზე, ამის საჭიროებაზე საუბრობს იგივე პრეზიდენტის მრჩეველი და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სათანადო პასუხები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ თვითონ პიროვნებებთან დამოკიდებულებას: ჩვენ გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც 40 წლის ასაკში გახდნენ უკრაინის პატრიოტები და რომლებიც მანამდე გამოირჩეოდნენ პრორუსული განწყობებით და არა მარტო განწყობებით, პირდაპირ საქმით. მაგალითად, იგივე პოდოლიაკი იყო დაახლოებული იანუკივიჩთან (უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი. ავტ.) გონჩარენკო იყო პირდაპირ იანუკოვიჩის პარტიის წევრი. ეს ადამიანები, რომლებიც მანამდე იყვნენ პრორუსული განწყობების და საქმის მკეთებელი ადამიანები, დღეს, 40 წლის ასაკში გახდნენ უკრაინელი პატრიოტები და მათ ამ ფაქტებსა და განცხადებებს შორის არის პირდაპირი კავშირი. ჩვენ ასე გვგონია, ის, რომ მათ უნდათ დღეს საქართველოში ომი და ის, რომ წარსულში ისინი იყვნენ დაკავშირებული იანუკოვიჩთან, ამ ორ ფაქტს შორის არის პირდაპირი კავშირი. შესაბამისად, ჩვენ ყველას უნდა შევახსენოთ, ვინ არის პოდოლიაკი, ვინ არის გონჩარენკო, ვინ არიან სხვები, რომლებიც ითხოვენ საქართველოში ომის გაჩაღებას და რომლებიც ითხოვენ იმას, რომ რუსებმა უნდა დახოცონ ქართველი ქალები და ბავშვები, პირდაპირი ტექსტით ვციტირებ მე მათ განცხადებას“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

მისი განცხადებით, უკრაინისთვის საქართველოს მხრიდან მხარდაჭერის გამოხატვის კუთხით არაფერი არ დაუკლიათ. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შესაძლოა, ვიღაცების სუბიექტური ინტერესი იყო ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მაგრამ „ჩვენ დავიცავით ქართველი ხალხი და ის, რომ ომში არ ჩავრთეთ ჩვენი ქვეყანა, ამით შეიძლება ისინი იყვნენ უკმაყოფილო, მაგრამ ამაზე ღიად ვერ გვესაუბრებიან, ეს უნდოდათ, მაგრამ ღიად ვერ ამბობენ“.

მაისში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ილაპარაკა საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილზე, მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობებზე და უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე.

"სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის და არა ხალხის პოზიცია აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, აქვს გავლენა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო, ცოტა არ იყოს, უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს, არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციას, როგორიც აქვთ ევროპის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს", - თქვა მან.

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა 26 მარტს გაკეთებულ განცხადებაში კი თქვა: "თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია პრეტენზია კალინინგრადის ოლქზე, ეს ჩვენ აუცილებლად დაგვეხმარებოდა, მათ [რუსეთს] სხვა საქმეებიც გამოუჩნდებოდათ გარდა იმისა, რომ გაანადგურონ ჩვენი ქალაქები და სოფლები, დახოცონ ჩვენი ბავშვები და ქალები." დანილოვის ამ განცხადებას საქართველოში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მანამდე კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურნენ, შალვა პაპიაშვილმა თქვა, რომ მიუღებელია საქართველოსთვის ომის დაწყების მოწოდება.

მიხაილო პოდოლიაკი, რომელიც ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველია და რუსეთთან მოლაპარაკებების ჯგუფის წვერი, 2005 წელს გამოცემა „უკრაინსკოი გაზეტას“ რედაქტორი იყო, მომდევნო წლიდან ის თანამშრომლობდა გამოცემა „ობოზრევატელთან“, მოგვიანებით კი გამოცემის რედაქტორი გახდა. მას ჰქონდა თავისი პიარ- საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მომსახურებას უწევდა უკრაინელ, რუს და ბელარუს პოლიტიკოსებს. პოდოლიაკი იყო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი.
ვიქტორ იანუკოვიჩი და მისი თანამოაზრეები უკრაინიდან 2014 წლის ზამთარში, "ევრომაიდნის" მოვლენების დროს, კიევის ცენტრში ატეხილი სროლების და არეულობის შემდეგ გაიქცნენ. ამჟამად ყოფილი პრეზიდენტი საზღვარგარეთ, სავარაუდოდ, რუსეთში იმალება. მას ბრალად ედება არაერთი დანაშაული, მათ შორის სახელმწიფო ღალატი. იანუკოვიჩი უარყოფს საკუთარ დანაშაულს. იანუკოვიჩს, 2019 წლის იანვარში, კიევის სასამართლომ დაუსწრებლად, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
იგი დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო ღალატსა და აგრესიული ომის წარმოების ხელშეწყობაში.
რაც შეეხება რადის დეპუტატ ოლექსი გონჩარენკოს, ის წლების განმავლობაში ოდესის ოლქის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობდა. 2014 წლის თებერვალში, ევრომაიდანზე განვითარებული მოვლენების შემდეგ, მან დატოვა „რეგიონების პარტია“ და გადადგა ოდესის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტიდან და პროუკრაინული პოლიტიკის მხარდამჭერი განცხადებებით გამოირჩევა. ის არის ევროსაბჭოს მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი. ოპონენტები მას მისი პრორუსული განწყობების არგუმენტად უხსენებენ ხოლმე წლების წინ გაკეთებული განცხადებებს, რომლებითაც ეწინააღმდეგება რუსულენოვანი ფილმების უკრაინულ ენაზე დუბლირებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG