Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანატოლი ბიბილოვმა უფლებამოსილების ბოლო დღეს თანამდებობის პირების გათავისუფლებას ხელი მოაწერა


რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი
რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა უფლებამოსილების ბოლო დღე იმ ბრძანებების ხელმოწერაში გაატარა, რომლებითაც თანამდებობის პირები გაათავისუფლა. მან დე ფაქტო იუსტიციის მინისტრის, ზალინა ლალიევას გადაყენების განკარგულებას ხელი 23 მაისს მოაწერა.

„გათავისუფლდეს ლალიევა ზალინა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან, პირადი განცხადების საფუძველზე“, - წერია დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტის განკარგულებაში.

ზალინა ლალიევა ბიბილოვის უახლოესი გარემოცვის წევრია. მის გადაყენებას ადგილობრივი ოპოზიცია არაერთხელ ითხოვდა. თუმცა ბიბილოვმა ის თანამდებობაზე მაინც დატოვა.

ლალიევას სახელი ფიგურირებდა ცხინვალის ციხეში პატიმრების მასობრივი ცემის საქმეში. ოპოზიცია სწორედ დე ფაქტო იუსტიციის, შს მინისტრებს, ასევე, ე.წ. გენერალურ პროკურორს აკისრებდა პასუხისმგებლობას. ლალიევა მაშინ ბიბილოვმა თანამდებობაზე დატოვა, თუმცა ლალიევაც და ბიბილოვიც ახლა ხვდებიან, რომ ახალარჩეული დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი მას თანამდებობაზე არ დატოვებს და განცხადება გადადგომის შესახებ თავად დაწერა.

სხვა განკარგულებით ბიბილოვმა თანამდებობიდან ასევე გაათავისუფლა დე ფაქტო იუსტიციის მინისტრის მოადგილე ნონა თედეევა.

ბიბილოვმა 23 მაისის დილით საკუთარი ადმინისტრაციის მოხელეებიც დაითხოვა სამსახურიდან. გათავისუფლებულია დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იგორ კოზაევი, მისი მოადგილეები აცამაზ ზასეევი და პრესსამსახურის უფროსი დინა გასიევა, ასევე ბიბილოვის მრჩეველი, ყოფილი გენპროკურორი ურუზმაგ ჯაგაევი.

როგორც ოსური მედია იუწყება, თანამდებობის დატოვების სურვილი მოხელეებმა თავად გამოთქვეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ გაგლოევის ახალ ადმინისტრაციაში მათი დასაქმების შანსი არ არსებობდა.

24 მაისს დე ფაქტო რესპუბლიკაში ახალარჩეული ე.წ პრეზიდენტის, ალან გაგლოევის ინაუგურაცია გაიმართება. ამ დღეს ცხინვალში სტუმრებს ელოდებიან რუსეთის ფედერაციიდან და სხვა არაღიარებული რესპუბლიკებიდან. ინაუგურაციის ცერემონიალი ცხინვალის თეატრში გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG