გაეროს მიერ დადასტურებული მონაცემებით, უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის დღიდან, 24 თებერვლიდან 22 მაისის ჩათვლით, უკრაინაში დაიღუპა 3930 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 257 ბავშვი.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ 23 მაისს განახლებული მონაცემებით, საომარი მოქმედებებისას უკრაინაში დაიჭრა 4532 სამოქალაქო პირი, მათ შორის 394 ბავშვი.
მშვიდობიან მოსახლეობაში ყველაზე დიდი მსხვერპლია დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში, სადაც მოკლულია 2200 ადამიანი და დაჭრილია 2525. ამასთან, ორი ოლქის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც უკრაინის მთავრობა აკონტროლებს, მსხვერპლი გაცილებით მეტია(2072 მოკლული და 2003 დაჭრილი), ვიდრე რუსეთის მიერ კონტროლირებულ რაიონებში(128 მოკლული და 522 დაჭრილი).
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის თანახმად, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი, ძირითადად, გამოწვეულია მძიმე არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით განხორციელებული შეტევებისა და სარაკეტო და საჰაერო დარტყმების შედეგად.
ამასთან, უმაღლესი კომისრის ოფისში განმარტავენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გაცილებით მეტია. ჯერჯერობით ვერ ხერხდება ინფორმაციის მიღება და გადამოწმება ისეთი რაიონებიდან, სადაც ბოლო დრომდე მიმდინარეობდა ან ახლაც გრძელდება აქტიური საბრძოლო მოქმედებები. ასეთ რაიონებს შორის დასახელებულია დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, ხარკოვის ოლქის ქალაქი იზიუმი და ლუგანსკის ოლქის ქალაქი პოპასნაია, საიდანაც ვრცელდება ცნობები მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის შესახებ.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".
რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს.
დაწერეთ კომენტარი