აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის კრიზისი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ, ევროპული პრობლემა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, დღეს, 24 მაისს ტოკიოში, ე.წ. ოთხეულის წევრი ქვეყნების ლიდერთა შეხვედრაზე ბაიდენმა თქვა, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, გლობალური პრობლემაა. ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების „ოთხეული“ აშშ-ს, იაპონიას, ავსტრალიას და ინდოეთს აერთიანებს.
აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა აძლიერებს საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპების - ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიზნების მნიშვნელობას.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, აშშ ინდოეთს აქტიურად მოუწოდებდა, უარი ეთქვა რუსეთთან პარტნიორობაზე და აქცენტი გადაეტანა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე.
23 მაისს, ტოკიოში იაპონიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ძვირად უნდა დაუჯდეს „ბარბაროსობა უკრაინაში“ და ეს იქნება გაფრთხილება ჩინეთისთვისაც, თუ ის ტაივანის წინააღმდეგ აგრესიას გადაწყვეტს.
დაწერეთ კომენტარი