Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი: ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს


24 მაისი. დავოსი. ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა (მარცხნივ) და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი (მარჯვნივ)
24 მაისი. დავოსი. ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა (მარცხნივ) და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი (მარჯვნივ)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსში ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებსა და არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ცნობას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესრელიზის თანახმად, აღინიშნა, რომ საქართველოსა და ლიეტუვის პარტნიორობა საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება და ლიეტუვა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია.

ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის წარდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას და ხაზი გაესვა ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ლიეტუვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მუდმივი მხარდაჭერისთვის.

შეხვედრას „ტვიტერზე" გამოეხმაურა ლიეტუვის პრეზიდენტი. „დღეს დავოსში ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრაზე, ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, და მივულოცე ევროკომისიის მეორე კითხვარის შევსება მოკლე დროში. კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისკენ", - წერს გიტანას ნაუსედა.

ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა მოლდოვის პრემიერ-მინისტრს, ნატალია გავრილიცას და ხორვატიის პრემიერ-მინისტრს, ანდრეი პლენკოვიჩს.

ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში 22 მაისს გაემგზავრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში, ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან მთავრობის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

XS
SM
MD
LG