Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოიგუ: რუსეთი ანელებს "ოპერაციის" ტემპს მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით


სერგეი შოიგუ, რუსეთის თავდაცვის მინისტრი
სერგეი შოიგუ, რუსეთის თავდაცვის მინისტრი

უკრაინაში რუსული ჯარების შეტევა განზრახ შენელდა, რათა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მოხდეს და მოსახლეობაში მსხვერპლი თავიდან იქნეს აცილებული. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის(CSTO) თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

რუსი მინისტრის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და დასავლეთის ქვეყნების სამხედრო დახმარება კიევისთვის, ხელს ვერ შეუშლის მოსკოვს უკრაინაში დასახული ყველა ამოცანის შესრულებაში. ამავე დროს, შოიგუმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი იძულებული გახდა დაეწყო ე.წ. "სპეცოპერაცია" დონბასის მოსახლეობის "გენოციდისგან" დასაცავად და უკრაინის ბირთვული იარაღისგან თავისუფალი და ნეიტრალური სტატუსის უზრუნველსაყოფად.

ბრალდებები იმის შესახებ, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, განზრახ იკავებს თავის შეტევისგან, აქტიურად გაისმის მას მერე, რაც მთელი რიგი თავდაპირველი წარმატებების შემდეგ, რუსეთის სამხედრო შეტევები უკრაინაში თითქმის შეჩერდა.

სამშაბათს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა "არგუმენტი ი ფაქტის"კორესპონდენტთან ინტერვიუში "სპეცოპერაციის" გაჭიანურების შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად თქვა, რომ რუსეთი "ვადებს არ მისდევს" და დასძინა, რომ "რუსეთის პრეზიდენტის მიერ დასახული ყველა მიზანი შესრულდება."

უკრაინისა და დასავლეთის ქვეყნების შეფასებით, აპრილისთვის რუსეთის დანაკარგები ომში 15-20 ათას დაღუპულ ჯარისკაცს აღწევს. კრემლის თანახმად, ეს მაჩვენებელი ათჯერ მცირეა, თუმცა პუტინის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, აღიარა, რომ რუსეთისათვის მიყენებული ზარალი "მნიშვნელოვანია."

XS
SM
MD
LG