Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: ევროკავშირისგან გვჭირდება ადეკვატური რეაგირება


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას თქვა, რომ ახლა ევროკავშირისგან საჭიროა "სიცხადე და რელევანტური, ადეკვატური რეაგირება".

მანვე დაამატა, რომ ქართველებმა ძალიან მაღალი საფასური გაიღეს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ამ კონტექსტში ღარიბაშვილმა 2008 წელსა და 90-იან წლებში მომხდარი ომები, ოკუპირებული ტერიტორიები გაიხსენა:

"ჩვენ გვესმის ის ეჭვები, რომლებიც არსებობს ევროკავშირში, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, მათ არ სურთ ყველა ამ პრობლემის "იმპორტირება" ევროკავშირში.

ჩვენ ასევე გვესმის, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს წევრობის მინიჭებას. ეს არის, როგორც ესტონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ხანგრძლივი პროცესი. ჩვენ ეს გვესმის. ჩვენ გვაქვს ჩვენი "საშინაო დავალება" ასოცირების ხელშეკრულების სახით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფორუმზე ღარიბაშვილი ირწმუნებოდა, რომ საქართველოში ყველა მიმართულებით "საგრძნობი" გაუმჯობესებაა და, რომ ასოცირების ხელშეკრულების 45%-ზე მეტი უკვე შესრულებულია:

"2014 წლიდან ჩვენ ვატარებთ ძალიან ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს და ვაუმჯობესებთ ყველა მიმართულებას, იქნება ეს კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების რეფორმა, ღია მმართველობა. ჩვენ გვაქვს საგრძნობი პროგრესი ყველა მიმართულებით და ხალხი ამას ხედავს.

ახლა საკითხი ასე დგას - ვამაღლებთ თუ არა ამ მოლოდინებს? ვუთხრათ თუ არა ჩვენს მოსახლეობას, რომ საქართველო მიიღებს ამ სიმბოლურ, პოლიტიკურ აღიარებას? იმის აღიარებას, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი... თუ უნდა ავუხსნათ მათ, რომ დრო ჯერ არ მომწიფებულა და შეიძლება უნდა დავფიქრდეთ მომავალში ამის გაკეთებაზე?"

ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე განაცხადა, რომ ომი უკრაინაში არა მხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვისაა გამოწვევა. უკრაინის მიმართ სოლიდარობაზე საუბრისას მან გაიხსენა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც და თქვა, რომ "სამწუხაროდ, მაშინ ვერ დავინახეთ ის ერთიანობა, რომელსაც დღეს ვხედავთ".

"ჩვენ უნდა დავინახოთ მოქმედება დღეს, რადგან დღეს მსოფლიო შეიცვალა. ის, რაც ხდება უკრაინაში, არის გამოწვევა არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებისთვის, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის.

მინდა შეგახსენოთ 2008 წლის ომი. სამწუხაროდ, იმ დროს ჩვენ ვერ დავინახეთ ის ერთიანობა, რომელსაც დღეს ვხედავთ. ჩვენ მივესალმებით ამ ერთიანობას. ეს დიდებული რამ არის, როგორც მთელი ცივილიზებული მსოფლიოს რეაქცია.

მაგრამ ჩვენ, ქართველებმა, ძალიან მაღალი საფასური გადავიხადეთ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში 22 მაისს გაემგზავრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში, ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან მთავრობის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს საქართველოს ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG