Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი დავოსის ფორუმზე: საქართველო ძალიან სანდო პარტნიორია ევროკავშირისთვის


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის სანდრო პარტნიორია. "სამეზობლოსთან ევროკავშირის პარტნიორობის ხელახალი გააზრების" შესახებ პანელზე ღარიბაშვილი სიტყვით დღეს, 25 მაისს, გამოვიდა.

"საქართველო ძალიან სანდო და ლოიალური პარტნიორია ევროკავშირისთვის. ეს არის ჩვენი ერის არჩევანი და მხოლოდ მთავრობას არ ეკუთვნის. ვიტყოდი, რომ ეს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული ცივილიზაციური არჩევანია.

ძალიან ლოიალური და ერთგული პარტნიორობა ვაჩვენეთ ევროკავშირს, რადგან საერთო ფასეულობები და პრინციპები გვაერთიანებს", - თქვა ღარიბაშვილმა და გაიხსენა, რომ 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ასოცირების შეთანხმება არის საქართველოს გზამკვლევი ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანებისთვის.

"როგორც უკვე ვახსენე, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ყველაფერს გავაკეთებთ, მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ევროკავშირს დავუახლოვდეთ და ჩვენს საბოლოო მიზანთან ახლოს აღმოვჩნდეთ, რაც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს", - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში 22 მაისს გაემგზავრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში, ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან მთავრობის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს საქართველოს ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG