რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დღეს, 25 მაისს, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, უკრაინის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების მცხოვრებთ შეუძლიათ რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით ითხოვონ.
2019 წელს, პუტინმა ასეთივე უფლება მისცა უკრაინის ლუგანსკის და დონეცკის ოლქების მოსახლეობას. 2021 წლის ზაფხულში, რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო დონბასის 611 ათასმა მცხოვრებმა. 2022 წლის თებერვალში, უკრაინაზე თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, პუტინმა აღიარა დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".
ამჟამად რუსეთის არმიის კონტროლქვეშაა ხერსონის ოლქიც და ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილი. ამ ტერიტორიებზე კრემლის მიერ დანიშნული ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციები აცხადებენ, რომ მათი მიზანია ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლა.